ოჯახის თქმით, გიორგი ჩიკვაიძეს ციხეში საკვების შეგზავნაზე უარი უთხრეს

10.05.25 17:30
ოჯახის თქმით, გიორგი ჩიკვაიძეს ციხეში საკვების შეგზავნაზე უარი უთხრეს

ახალი შეზღუდვები გიორგი ჩიკვაიძის წინააღმდეგ - ოჯახი ამბობს, რომ რეჟიმის მამხილებელ ბიზნესმენთან ციხეში საკვების შეგზავნაზე უარი უთხრეს. ჩიკვაიძის დედა გლდანის ციხიდან ახსნა-განმარტების გარეშე გამოუშვეს. 

როგორც პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის მშობელი "პირველებთან" აცხადებს, პატაკის გარეშე, მხოლოდ სიტყვიერი მითითებით ციხიდან უკან გამოაბრუნეს.

ეკა წერეთლის თქმით, მას შემდეგ, რაც გიორგის მოწამვლაზე ეჭვი გაუჩნდათ, ციხის საკვების ნაცვლად მას ოჯახი უგზავნიდა საჭმელს.

ჩიკვაიძის დედა მიიჩნევს, რომ ამ გზით გიორგიზე ზეწოლის მოხდენას ცდილობენ.

მე, როგორც გიორგისთან დაშვებული პირი, საკვები წინა შაბათს შევიტანე და პრობლემა არ მქონია. დღესაც მივედი გამზადებული საჭმელით, სხვას ყველას შეატანინეს ვინც ხანგრძლივ პაემნებზე იყვნენ. მოგეხსენებათ, გიორგი იქაურ საკვებს არ ჭამს და ახლა სამი დღე იქნება ფაქტობრივად მშიერი, იმიტომ რომ მე არ შემატანინეს მასთან საკვები, რა თქმა უნდა, ჩვენი კითხვა იყო, რის საფუძველზეც არ მაძლევთ საშუალებას, რომ შევიტანო საკვები, არის თუ არა ამის პატაკი იმიტომ რომ საკვების დაშვება და აკრძალვაც უნდა იყოს პატაკით. როგორც მითხრეს პატაკი ჯერ ჯერობით არ არის და ეს იყო სიტყვიერი ასეთი მითითება. მივდივარ იქითკენ, რომ ეს არის, რაღაც ტიპის ზეწოლა გიორგიზე. რაღა ზეწოლა გინდათ, ადამიანი მოწამლეთ ციხეში, მიაჯაჭვეთ ეტლს, მიუსაჯეთ 9 წელი, მის მეგობარს 8 წელი. ციხეში გყავთ ადამიანი და  საჭმელსაც აღარ აძლევთ ადამიანს", - ამბობს ეკა წერეთელი.

ცნობისთვის, გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მის ბიზნესპარტნიორს, ირაკლი  პაპიაშვილს 8 წლით. გადაწყვეტილება მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა. 

  • შგიორგი ჩიკვაიძეს და და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.