ივანიშვილის ხელისუფლება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის ემზადება - კობა ჭითანავა
მოძრაობა "აფხაეთისთვის"' ლიდერი კობა ჭითანავა წითელ მოედანზე ოთარ ფარცხალაძის და მამუკა ფიფიას გამოჩენას ეხმიანება და იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც, შესაძლოა, საქართველოს რუსეთთან დაახლოებამ გამოიწვიოს. ჭითანავა პირდაპირ ამბობს, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება მოჰყვება. მისი თქმით, ეს ქვეყნის სახელმწიფოებრიბიობის ჩამოშლის ტოლფასი იქნება.
კობა ჭითანავა ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" ახლა ცდილობს, ამ პროცესისადმი საზოგადოების განწყობები შეარბილოს.
ესენი ყველანი არიან, უბრალოდ, შუამავლებია, ასე ვთქვათ, კურიერები. თვითონაც თქვა ფიფიამ, რომ მე პატარა კაცი ვარო. წამოსცდა. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მოჰყვება, პრაქტიკულად, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება. ეს შემდგომში უკვე გამოიწვევს შეუქცევად პროცესს, რაც ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლას. ის, რომ ესენი ამისთვის ემზადებიან, ეს ნათლად ჩანს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. "ქართული ოცნება" ცდილობს, მაქსიმალურად შეარბილოს საზოგადოების ნეგატიური განწყობა ამ პროცესებისადმი, - ამბობს კობა ჭითანავა.
ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცი, ოთარ ფარცხალაძე 9 მაისს პუტინის აღლუმზე იმყოფებოდა - საქართველოს ყოფილი პროკურორი მოსკოვში, დილის 10:00 საათზე წითელ მოედანზე, პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერთან, მამუკა ფიფიასთან ერთად იმყოფებოდა. კადრების მიხედვით, ფარცხალაძე მარჯვენა ტრიბუნაზე იკავებს ადგილს, სადაც რუსეთი მმართველ ელიტასთან დაახლოებული პირები სხედან.
კადრების გაშიფვრის შემდეგ, "შაბათის ეთერმა" საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს პუტინის აღლუმზე ფარცხალაძის ყოფნის დამდასტურებელი მტკიცებულებები აჩვენა. "წითელ მოედანზე" გადაღებულმა კადრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დააბნია. ანრი ოხანაშვილის მსგავსად ყოფილ თანაგუნდელზე საუბარს თავს არიდებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეფიც.