პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან ნიშნავს, რომ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებს ვაღიარებთ - შმაგი სამხარაძე

11.05.25 17:44
პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან ნიშნავს, რომ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებს ვაღიარებთ - შმაგი სამხარაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა "სამოქალაქო თანხმობის" დამფუძნებელი შმაგი სამხარაძე ამბობს, რომ ქვეყანაში რუსული გავლენები იზრდება. მისი თქმით, ოკუპანტ ქვეყანასთან შესაძლო პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა არასწორი ნაბიჯი იქნება, რადგან ეს თანაბარი საუბარი არ იქნება და საქართველოს მოუწევს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება.

ეს არის პირდაპირ რუსული გავლენების ზრდა, რასაც ჩვენი სახელმწიფო, სამწუხაროდ, ვერ პასუხობს და ვერ პასუხობს "ქართული ოცნება". არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები. რუსეთი აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს და პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან ნიშნავს, რომ ჩვენ ვაღიარებთ ამ მოცემულობას. ვის უნდა დავუჯდეთ, აგრესიულ დიდ სახელმწიფოს, რომელიც არღევს საერთაშორისო სამართალს? მასთან ერთი ერთზე დაჯდომა ნიშნავს ბატონის და მორჩილის საუბარს. ეს არ იქნება თანაბარი. "ქართული ოცნება" ამზადებს ე.წ. მართვად ოპოზიციას, ჰყავთ რამდენიმე ჯგუფი, რომელიც უკვე პარლამენტში, შიგნით ჩამოყალიბდა და ახლა ცდილობე ქუჩიდანაც, რავიცი, დაარეგისტრირეს "კონსერვატორები", - ამბობს შმაგი სამხარაძე. 

ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცი, ოთარ ფარცხალაძე 9 მაისს პუტინის აღლუმზე იმყოფებოდა - საქართველოს ყოფილი პროკურორი მოსკოვში, დილის 10:00 საათზე წითელ მოედანზე, პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერთან, მამუკა ფიფიასთან ერთად იმყოფებოდა.  კადრების მიხედვით, ფარცხალაძე მარჯვენა ტრიბუნაზე იკავებს ადგილს, სადაც რუსეთი მმართველ ელიტასთან დაახლოებული პირები სხედან. 

კადრების გაშიფვრის შემდეგ, "შაბათის ეთერმა" საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს პუტინის აღლუმზე ფარცხალაძის ყოფნის დამდასტურებელი მტკიცებულებები აჩვენა.  "წითელ მოედანზე" გადაღებულმა კადრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დააბნია. ანრი ოხანაშვილის  მსგავსად ყოფილ თანაგუნდელზე საუბარს თავს არიდებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეფიც.