ფარცხალაძე წითელ მოედანზე "ოცნებას" და ივანიშვილს წარმოადგენდა - ლევან სანიკიძე

12.05.25 11:21
ფარცხალაძე წითელ მოედანზე "ოცნებას" და ივანიშვილს წარმოადგენდა - ლევან სანიკიძე

 "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე დარწმუნებულია, რომ ყოფილი გენპროკურორი წითელ მოედანზე "ოცნებას" და ივანიშვილს წარმოადგენდა. ოპოზიციონერის თქმით, სწორედ ოთარ ფარცხალაძეა რუსეთის ფედერაციასა და "ქართულ ოცნებას" შორის მთავარი მოკავშირე.

ჩვენს ქვეყანას ჰყავდა და ჰყავს გავლენიანი პირი რუსეთში, ივანიშვილის პირდაპირი ემისარი, რომელიც დავალებებს აძლევს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას სხვადასხვა რუსული სპეცსამსახურებიდან. ის არის მთავარი მოკავშირე, ჩვენი ინფორმაციით, "ქართულ ოცნებასა" და მას რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის და ნამდვილად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ის წარმოადგენდა იქ "ქართულ ოცნებას" და ივანიშვილს, იმიტომ, რომ ის არის მარჯვენა ხელი ივანიშვილის ხელისუფლების, რომელიც პუტინის კარზე მსახურობს, - ამბობს ლევან სანიკიძე. 

ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცი, ოთარ ფარცხალაძე 9 მაისს პუტინის აღლუმზე იმყოფებოდა - საქართველოს ყოფილი პროკურორი მოსკოვში, დილის 10:00 საათზე წითელ მოედანზე, პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერთან, მამუკა ფიფიასთან ერთად იმყოფებოდა.  კადრების მიხედვით, ფარცხალაძე მარჯვენა ტრიბუნაზე იკავებს ადგილს, სადაც რუსეთი მმართველ ელიტასთან დაახლოებული პირები სხედან. 

კადრების გაშიფვრის შემდეგ, "შაბათის ეთერმა" საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს პუტინის აღლუმზე ფარცხალაძის ყოფნის დამდასტურებელი მტკიცებულებები აჩვენა.  "წითელ მოედანზე" გადაღებულმა კადრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დააბნია. ანრი ოხანაშვილის  მსგავსად ყოფილ თანაგუნდელზე საუბარს თავს არიდებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეფიც.