ფარცხალაძე პუტინის აღლუმზე - "ოცნება" ექსპროკურორისგან გამიჯვნას ცდილობს

12.05.25 13:18
ფარცხალაძე პუტინის აღლუმზე - "ოცნება" ექსპროკურორისგან გამიჯვნას ცდილობს

ფარცხალაძის გამოჩენა წითელ მოედანზე - "ოცნება" ექსპროკურორისგან გამიჯვნას ცდილობს. ამტკიცებს, რომ არ იციან, რა მისიით იმყოფებოდა ფარცხალაძე პუტინის აღლუმზე, თუმცა არ მალავენ, რომ ამაზე გუნდში საუბარი ჰქონდათ, 

მაქვს ინფორმაცია და ასეთი საუბარი იყო, რომ ესწრებოდა ბატონი ფარცხალაძე ამ ღონისძიებას. აქ ლოგიკა, სამწუხაროდ, იკარგება, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

"პირველების" კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ეს ფაქტი იმ გარემოებას, რომ აშშ-მ ფარცხალაძე სწორედ რუსეთთან კავშირების გამო დაასანქცირა, სარჯველაძე ისევ ამტკიცებს, რომ მაშინ ეს გადაწყვეტილება მტკიცებულებებს მოკლებული იყო, რაც ამერიკამ ვერ გააკეთა. 

სამწუხაროდ, იმხანად გადაწყვეტილებები, რომელიც იყო მიღებული, იქ მტკიცებულებების საჭიროება ნამდვილად იყო, რაც, სამწუხაროდ, არ მომხდარა. მტკიცებულება ან არის ან არ არის, - ამბობს არალეგიტიმური პალამენტის წევრი. 

რაც შეეხება კითხვას, მიაჩნიათ თუ არა ფარცხალაძე მოღალატედ, სარჯველაძე ამბობს, რომ კითხვა არაკორექტულია და პასუხს ვერ გასცემს.

"ოცნების" კიდევ ერთი წევრი ირაკლი ქადაგიშვილი კი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა აიღო, მას პარტიასთან კავშირი აღარ აქვს. 

რაც ფარცხალაძემ რომანოვის გვარი აიღო და რუსეთის მოქალაქეობა მიიღო,  ეგ უკვე მისი საქმეა, ჩვენი საქმე ნამდვილად არ არის, - ამბობს ქადაგიშვილი. 

ივანიშვილის ინფრასტრუქტურის მინისტრი კი მხოლოდ იმას ამბობს, რომ  მას წითელ მოედანზე ვერასდროს ვიხილავთ. 

მე ნამდვილად ვერ მიხილავთ წითელ მოედანზე, - ამბობს რევაზ სოხაძე.

ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცი, ოთარ ფარცხალაძე 9 მაისს პუტინის აღლუმზე  პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერთან, მამუკა ფიფიასთან ერთად იმყოფებოდა.