მიიჩნევს თუ არა მოღალატედ პუტინის აღლუმზე მყოფ ფარცხალაძეს - დე ფაქტო პრემიერი კითხვას გაექცა
თვლის თუ არა მოღალატედ პუტინის აღლუმზე მყოფ ფარცხალაძეს - დეფაქტო პრემიერი "პირველების" კითხვას გაურბის. კითხვაზე პასუხის გაცემა დღეს არც არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა ისურვა. არადა, "პირველებს" აინტერესებდა, რა მიზნით იმყოფებოდა ექსპროკურორი წითელ მოედანზე 9 მაისს.
ის, რაზეც არ საუბრობენ ივანიშვილის გუნდის ლიდერები, ისაუბრა გიორგი ტყემალაძემ. "ოცნების" წევრი ამბობს, რომ ყველა თავის არჩევანშია თავისუფალი და ამტკიცებს, რომ ფარცხალაძეს მათ პარტიასთან კავშირი არ აქვს.
ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი გზა. ის არ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას. ვერ გეტყვით რა ინფორმაციებზე საუბრობთ. დღეს ეს ადამიანი არანაირ კავშირში არ არის საქართველოს ხელისუფლებასთან. 9 მაისს ამ ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად და ყველა ადამიანს აქვს თავისი გამოხატვის უფლება, თუ უნდა, დაესწრება 9 მაისს, ეგ არ არის ჩემი განსასჯელი, - ამბობს გიორგი ტყემალაძე.
ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცი, ოთარ ფარცხალაძე 9 მაისს პუტინის აღლუმზე პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერთან, მამუკა ფიფიასთან ერთად იმყოფებოდა.