გეგელია: რუსეთის დაზვერვას საქართველოში ინფილტრირებული ქსელი აქვს, რომელიც ჩვენი ქვეყნის კაპიტულაციას ამზადებს
"ეს არის პირდაპირი განაცხადი, რომ ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს რუსიფიკაციის გზაზე შეჩერებას არ აპირებს" - ასე აფასებს 9 მაისს, პუტინის აღლუმზე, ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცის, ოთარ ფარცხალაძის მისვლას კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ტვ პირველის" ეთერში პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მიზანი საქართველოსთვის სუვერენიტეტის დაკარგვა და მისი ოკუპანტისთვის საბოლოოდ ჩაბარებაა.
ამასთან, გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ "საქართველოში რუსეთის დაზვერვას ინფილტრირებული ქსელი აქვს, რომლითაც ქვეყნის კაპიტულაციას ამზადებს".
ეს არის პირდაპირი განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ამჟამინდელი რეჟიმი არ აპირებს შეჩერებას საქართველოს რუსიფიკაციის გზაზე. ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ ფართო და ტრაგიკული ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული მოვლენებისა, რომლის ბოლო იქნება საქართველოს სრული გაუქმება და ჩაბარება რუსეთის ფაშისტური ფედერაციისთვის...
ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს კაცი ( ოთარ ფართლაძე) ემსახურება საქართველოს რუსიფიკაციას, ისიც კარგად ვიცით, რომ ამ რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი და დე ფაქტო ელჩია ასე თუ ვიტყვით კრემლთან, ასევე ვიცით, რომ საქართველოში რუსეთის დაზვერვას აქვს ინფილტრირებული ქსელი, რომელიც ამზადებს ჩვენი ქვეყნის კაპიტულაციას. ჩვენ ვართ რუსულ სპეცოპერაციაში, რომლის ბოლოც იქნება საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება ამ რეჟიმის მიერ, თუკი ჩვენ ამის შანს მივცემთ", - ამბობს გრიგოლ გეგელია.
ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცი, ოთარ ფარცხალაძე 9 მაისს პუტინის აღლუმზე პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერთან, მამუკა ფიფიასთან ერთად იმყოფებოდა.