ერთპარტიული პარლამენტის ორმა კომიტეტმა დიპლომატების წინააღმდეგ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
"დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა ერთპარტიული პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე დასრულდა.
"ქართული ოცნების" ორივე კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილულ ცვლილებების პაკეტს, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს იმიჯის შელახვის შემთხვევაში დიპლომატის სამსახურიდან გაშვებას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებს კრიტიკული კითხვები არ დაუსვამთ. მეტიც, ისინი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ინიციატივისთვის მადლობას უხდიდნენ.
"პირველებმა" დღეს კითხვების დასმა მაკა ბოჭორიშვილის მოადგილესთან სცადა. ჟურნალისტის კითხვაზე, დიპლომატის მხრიდან იქნება თუ არა ეთიკის ნორმის დარღვევა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მხარდაჭერა, ხათუნა თორთლაძე პასუხობს - "საგარეო პოლიტიკური კურსის განმახორციელებელი არის საგარეო საქმეთა სამინისტრო".
ამასთან, ხათუნა თორთლაძე მედიასთან ამტკიცებს, რომ "არცერთი თანამშრომელი მასთან არ მისულა და არ უთქვამს, რომ რეპრესიების მსხვერპლია".
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საგარეო პოლიტიკური კურსის განმახორციელებელი არის საგარეო საქმეთა სამინისტრო. თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ჩვენს თანამშრომლებს თქვენთან მეტი კომუნიკაცია აქვს, ვიდრე ხელმძღვანელობასთან? არცერთი თანამშრომელი ჩემთან არ მოსულა და ამ დრომდე არ უთქვამს, რომ ის რაიმე რეპრესიების მსხვერპლია." - განაცხადა ხათუნა თორთლაძემ.
სავარაუდოა, რომ "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები სასესიო სხდომაზე დღესვე გავიდეს და პირველი კენჭისყრა ჩატარდეს.
რას ითვალისწინებს კანონპროექტი?
- კანონში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მაკა ბოჭორიშვილს მიეცემა უფლება, უცხოეთში საქართველოს საელჩოებში დასაქმებული დიპლომატები პოსტებიდან უფრო მარტივად გაუშვას, ან მისიაში მუშაობის უფლება შეუზღუდოს.
- დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებს ახალი პუნქტი ემატება. თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩათვლის, რომ რომელიმე დიპლომატმა სამინისტროს იმიჯი და ეროვნული ინტერესები შელახა იმით რომ, მაგალითად, ევროინტეგრაციის პეტიციას ხელი მოაწერა, ბოჭორიშვილს შეეძლება სამსახურიდან გაუშვას ყველა, მათ შორის ისეთები, ვინც საელჩოებში ან საკონსულოებში როტაციით არიან მივლენილი.