SJC: "ოცნება" უცხოელების სამართლებრივ მდგომარეობას კატასტროფულად აუარესებს
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, "ქართულმა ოცნებამ“ ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო კიდევ ერთი საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოდან გაძევებას, საქართველოში შემოსვლის აკრძალვას, საქართველოში თავშესაფრის პროცედურების გამკაცრებას და სისხლის სამართლის კოდექსში ახალი სასჯელების გაჩენას ითვალისწინებს.
ორგანიზაცია წერს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი ამძიმებს ქვეყანაში უფლებრივ მდგომარეობას და არღვევს ადამიანის უფლებათა დაცვის არაერთ სტანდარტს და აღებულ საერთაშორისო ვალდებულებას.
„ქართულმა ოცნებამ“ ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო კიდევ ერთი საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოდან გაძევებას, საქართველოში შემოსვლის აკრძალვას, საქართველოში თავშესაფრის პროცედურების გამკაცრებას და სისხლის სამართლის კოდექსში ახალი სასჯელების გაჩენას ითვალისწინებს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ საკანონმდებლო პაკეტის სამართლებრივ შეფასებას - https://cutt.ly/1rzDsIqt.
საკანონმდებლო ცვლილებები 18 კანონში შედის, მათ შორის არსებითი ცვლილებები იგეგმება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონებში“, ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში. საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საკანონმდებლო ცვლილებებს საბოლოოდ პარლამენტი 30 მაისს უყრის კენჭს.
ცვლილებათა პაკეტი, „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების გარეშე, ერთი პარტიის მიერ მიიღება. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ქვეყანაში უფლებრივ მდგომარეობას და არღვევს ადამიანის უფლებათა დაცვის არაერთ სტანდარტს და აღებულ საერთაშორისო ვალდებულებას. თავშესაფრის მაძიებელი უცხოელებისთვის სამართლიან სასამართლოსა და სამართლებრივ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა, ასევე არგაძევების პრინციპის დაცვა და დროული სამართალწარმოება ის მინიმალური სტანდარტებია, რაც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის ფარგლებში ევალებოდა. გარდა ამისა, ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის ჟენევის 1951 წლის კონვენციასთან ლტოლვილთა სტატუსის განსაზღვრის შესახებ, სადაც ასევე განსაზღვრულია ის მინიმალური სტანდარტები, რაც სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავშესაფრის მაძიებელ უცხოელებთან მიმართებით, მათ შორის: სამართლიან სასამართლოსა და იურიდიულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა, გასაჩივრების უფლება. საკანონმდებლო ცვლილებებით იზრდება არგაძევების პრინციპის დარღვევის რისკები, რაც წინააღმდეგობაში მოდის წამების და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის უფლებასთან",- ნათქვამია განცხადებაში.