"ოცნება" დიპლომატიურ უწყებებში მხოლოდ მისი პარტიისადმი ერთგული თანამშრომლების დატოვებას აპირებს - გალდავა

13.05.25 13:33
"ოცნება" დიპლომატიურ უწყებებში მხოლოდ მისი პარტიისადმი ერთგული თანამშრომლების დატოვებას აპირებს - გალდავა

"დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ლანა გალდავა რეპრესიული ხასიათის მატარებელ  კანონპროექტად აფასებს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ერთპარტიული პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს, ეს დიპლომატიისთვის დამღუპველი აღმოჩნდება, რადგან გალდავას განმარტებით, ცვლილებების მიღების შემდეგ დიპლომატიური უწყებებიდან გაათავისუფლებენ ყველა იმ პირს, ვინც "ქართული ოცნების" ღირებულებებისადმი ერთგული არ არის. 

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს პარლამენტში განხილული ყველა კანონპროექტი და უკვე მიღებული კანონები ემსახურება ერთადერთ, რეპრესიულ მიზანს. ცხადია, ახალი კანონპროექტიც არის ამ შინაარსის. ანუ, ახალი კანონპროექტით, მარტივდება დიპლომატების დათხოვნა, გამოწვევა. ეს არის შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობილი. შეფასების კრიტერიუმად კი განსაზღვრული იქნება პარტიული ერთგულება. ანუ, ვინც იქნება ერთგული "ქართული ოცნების" ღირებულებების და პარტიული კუთვნილების, ის დარჩება დიპლომატიურ უწყებებში, რაც არის დამღუპველი საკადრო დიპლომატიისთვის და ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსისთვის". - განაცხადა ლანა გალდავამ. 

ცნობისთვის, "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა ერთპარტიული პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე დასრულდა. 

"ქართული ოცნების" ორივე კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილულ ცვლილებების პაკეტს, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს იმიჯის შელახვის შემთხვევაში დიპლომატის სამსახურიდან გაშვებას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. 

ახლა კანონპროექტი სასესიო სხდომაზე განიხილება. არსებობს მაღალი ალბათობა, რომ "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების კენჭისყრა დღესვე გაიმართოს. რამდენიმე წუთის წინ სასესიო სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებმა მაკა ბოჭორიშვილის მოადგილეს მოუსმინეს, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ კანონში ცვლილებებს პრევენციის მიზნით იღებენ. 

რას ითვალისწინებს კანონპროექტი? 

  • კანონში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მაკა ბოჭორიშვილს მიეცემა უფლება, უცხოეთში საქართველოს საელჩოებში დასაქმებული დიპლომატები პოსტებიდან უფრო მარტივად გაუშვას, ან მისიაში მუშაობის უფლება შეუზღუდოს.
  • დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებს ახალი პუნქტი ემატება. თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩათვლის, რომ რომელიმე დიპლომატმა სამინისტროს იმიჯი და ეროვნული ინტერესები შელახა იმით რომ, მაგალითად, ევროინტეგრაციის პეტიციას ხელი მოაწერა, ბოჭორიშვილს შეეძლება სამსახურიდან გაუშვას ყველა, მათ შორის ისეთები, ვინც საელჩოებში ან საკონსულოებში როტაციით არიან მივლენილი.