ბუჩუკური: "ოცნება" იმ კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებს ებრძვის, რომელთაც ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ბევრი შრომა აქვთ გაწეული

13.05.25 13:42
ბუჩუკური: "ოცნება" იმ კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებს ებრძვის, რომელთაც ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ბევრი შრომა აქვთ გაწეული

"ოცნება" იმ კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებს ებრძვის, რომელთაც ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ბევრი შრომა აქვთ გაწეული, - ასე ეხმაურება "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ანა ბუჩუკური.

მისი განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული პროცესები არც მოულოდნელი და არც გასაკვირი იყო. 

განსაკუთრებით საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერი მოხელეების რეპრესიები დიდი ხანია დაიწყო. მათ შორის ეს გამყარდა იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, რაც "ოცნების" არალეგიტიმურმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო. ფაქტობრივად, მთელი ბირთვი მოსპო, რაზეც საჯარო სამსახური დგას. არც მოულოდნელი არ არის და არც გასაკვირია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში მსგავსი პროცესები ხდება. განსაკუთრებით ებრძვის "ოცნება" იმ კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებს, რომელთაც ბევრი შრომა აქვთ გაწეული საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის". - განაცხადა ანა ბუჩუკურმა. 

ცნობისთვის, "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა ერთპარტიული პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე დასრულდა. 

"ქართული ოცნების" ორივე კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილულ ცვლილებების პაკეტს, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს იმიჯის შელახვის შემთხვევაში დიპლომატის სამსახურიდან გაშვებას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. 

ახლა კანონპროექტი სასესიო სხდომაზე განიხილება. არსებობს მაღალი ალბათობა, რომ "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების კენჭისყრა დღესვე გაიმართოს. რამდენიმე წუთის წინ სასესიო სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებმა მაკა ბოჭორიშვილის მოადგილეს მოუსმინეს, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ კანონში ცვლილებებს პრევენციის მიზნით იღებენ. 

რას ითვალისწინებს კანონპროექტი? 

  • კანონში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მაკა ბოჭორიშვილს მიეცემა უფლება, უცხოეთში საქართველოს საელჩოებში დასაქმებული დიპლომატები პოსტებიდან უფრო მარტივად გაუშვას, ან მისიაში მუშაობის უფლება შეუზღუდოს.
  • დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებს ახალი პუნქტი ემატება. თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩათვლის, რომ რომელიმე დიპლომატმა სამინისტროს იმიჯი და ეროვნული ინტერესები შელახა იმით რომ, მაგალითად, ევროინტეგრაციის პეტიციას ხელი მოაწერა, ბოჭორიშვილს შეეძლება სამსახურიდან გაუშვას ყველა, მათ შორის ისეთები, ვინც საელჩოებში ან საკონსულოებში როტაციით არიან მივლენილი.