"ასეთი ბარბაროსობა მოკრიმინალო ელემენტებისგან მოდის" - პრეზიდენტი ზურაბიშვილი "ტვ პირველის" ჟურნალისტზე თავდასხმას გმობს

13.05.25 14:18
"ასეთი ბარბაროსობა მოკრიმინალო ელემენტებისგან მოდის" - პრეზიდენტი ზურაბიშვილი "ტვ პირველის" ჟურნალისტზე თავდასხმას გმობს

 

 

ქვემო ქართლის ყოფილი ვიცე გუბერნატორის მამის მიერ "ტვ პირველის" ჟურნალისტზე, მარიამ მაკასარაშვილზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გმობს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე აცხადებს, კრიტიკული მედიის ქალ წარმომადგენელზე მიტანილი იერიში რეჟიმის ბარბაროსულობის და ჩამორჩენილობის გამოხატულებაა. 

"დადიან ეკლესიაში, უჭირავთ უზარმაზარი სანთლები და ამ დროს, სრულიად უდანაშაულო ქალების წინააღმდეგ ასეთი ბარბაროსობა მიდის იმ კრიმინალებისგან, თუ მოკრიმინალო ელემენტებისგან, რომლებიც პირდაპირ არიან გაშვებული ქუჩებში" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

ეს არის პირდაპირ ქალების წინააღმდეგ, ქალ ჟურნალისტების თუ ქალ აქტივისტების წინააღმდეგ გამჟღავნებული ძალადობა ყველაზე სასტიკი ფორმებით. ეს არის გამჟღავნება და გამოხატულება იმისა, თუ რამდენად ბარბაროსული და ჩამორჩენილი გახდა რეჟიმი. ეს არის ნიშანი იმისი, რომ ცივილიზებული ფორმები დაკარგული აქვს. ცხადია, ეს მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის, ტრადიციებისთვის. 

დადიან ეკლესიაში, უჭირავთ უზარმაზარი სანთლები და ამ დროს, სრულიად უდანაშაულო ქალების წინააღმდეგ ასეთი ბარბაროსობა მიდის იმ კრიმინალებისგან, თუ მოკრიმინალო ელემენტებისგან, რომლებიც პირდაპირ არიან გაშვებული ქუჩებში. ეს არ არის მარტივი სიტუაცია. ეს არის ისეთი რამ, რაც შეიძლება ყველას მოუბრუნდეს ერთ დღეს, როდესაც ქვეყანა უმართავი ხდება." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს თავს ქვემო ქართლის ყოფილი ვიცე გუბერნატორის მამა, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, 12 მაისს დაესხა. თავდასხმის მომენტში მოძალადემ ქალ ჟურნალისტს მუშტი სახის არეში ჩაარტყა.

ამასთან, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ "ტვ პირველის" სამაუწყებლო აპარატურა - კამერა და ასევე მარიამ მაკასარაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი გაიტაცა. "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს აპარატურა მოგვიანებით, ადგილზე დაბურულმინებიანი ავტომობილების გამოჩენის შემდეგ დაუბრუნეს. აღსანიშნავია, რომ კამერაში არსებული ჩიპი, სადაც თავდასხმის ფაქტი იყო ასახული, დაზიანებულია. 

შეგახსენებთ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეფთან დაპირისპირებული, არაერთ სკანდალში გახვეული ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, გიორგი შინჯიკაშვილმა გუშინ, 12 მაისს დაწერა, რომ თანამდებობიდან გადადგა. "შინჯიკა" ამტკიცებს, რომ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება პირადად მიიღო.