ექსპროკურორთან ერთად რუსეთში დიდი ინფორმაცია გადავიდა - ზურაბიშვილი ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ოთარ ფარცხალაძის წითელ მოედანზე გამოჩენას "მოღალატეობრივ" ქმედებას უწოდებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, "ოცნება" ახლა ექსპროკურორის ამ ქმედებაზე პასუხისმგებლობას თავიდან ირიდებს, თუმცა მაშინ, როდესაც აშშ-მს ფარცხალაძე დაასანქცირა, მას იცავდნენ და მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობდნენ.
ამასთან, პრეზიდენტი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც რუსეთში ფარცხალაძის საქმიანობას უკავშირდება. სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ყოფილი გენპროკური ქვეყნის შესახებ დიდ ინფორმაციას ფლობს, რომელიც, შესაძლოა, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს.
პრეზიდენტი ამბობს, რომ ნორმალურ ქვეყანაში ახლა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უნდა იყოს დაწყებული.
გამაოგნებელი არის მსუბუქი რეაქციები, რაც მოჰყვა იმას, რომ ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორი დგას წითელ მოედანზე. თურმე გადაირქვა სახელი და ახლა რომანოვი არის, გუშინ იყო ფარცხალაძე. ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, ლაპარაკი არის "ქართული ოცნების" ყველა ლიდერზე, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, რომ დასანქცირებაზე ვერაფერს ვერ იტყოდნენ და პირიქით,
უნდა დაეცვათ ფარცხალაძე სანქციებისგან, იმიტომ, რომ მტკიცებულები არ არსებობდა. დღეს, როცა მტკიცებულება კი არა, გააშკარავება არის ისეთი, რომ მეტი არ შეიძლება მისი როლის და მისი მოღალატეობრივი საქმიანობის შესახებ, თურმე, ეხლა აღარ იციან მტკიცებულებია აქვთ თუ არ აქვთ. ერიდებიან პასუხს და პასუხისმგებლობას. ეს არ არის მხოლოდ ნიშნის მოგებით საუბარი "ოცნებასთან", რომ მოუშვეს ასეთი ადამიანი და როდესაც ვეღარ აღიარებენ, რომ მათი პასუხისმგებლობა იყო.ლაპარაკი არის იმაზე, რომ გენპროკურორი არის ის ადამიანი, რომელსაც გააჩნია ძალიან ბევრი ინფორმაცია თუ არა სრული ინფორმაცია ქვეყნის შესახებ და მისი პუტინის გვერდში დგომა, ნიშნავს, მასთან ერთად გადავიდა რუსეთში ძალიან დიდი ინფორმაცია საქართველოს შესახებ და ამაზე ყველა უნდა ფიქრობდეს დღეს და პირველ რიგში, ის უწყებები, რომელსაც დღეს აბარია საქართველოს უსაფრთხოება. თუ ვინმეს აქვს კიდევ რაღაც განცდა, რომ პასუხისმგებელია "ქართული ოცნება" ჩვენს სახელმწიფო უსაფრთხოებაზე, ამაზე დღეს რეაგირება უნდა იყოს, გამოძიება უნდა იყოს, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.