წყარო: ბათუმის მერი თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას გუშინ არ ფლობდა - "დაურეკეს და შეატყობინეს"
წყარო "პირველებს" უყვება, რომ ბათუმის მერი თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას გუშინ არ ფლობდა - არჩილ ჩიქოვანი გუშინ სასულიერო პირებთან ერთად ღონისძიებაზე იმყოფებოდა, ასევე ქუთაისში ჩავიდა რაგბის გუნდის საგულშემატკივროდ. შემდეგ კი წყაროს ინფორმაციის თანახმად, "დაურეკეს და უთხრეს, რომ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა და ამის შესახებ ფბ პოსტი უნდა დაეწერა".
"პირველების" ინფრომაციით, არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერობის თანამდებობა ისე დატოვა, რომ არც თანამშრომლებს დამშვიდობებია. მეტიც, ზოგიერთმა მათგანმა ინფორმაცია სწორედ მედიისგან გაიგეს.
პოლიტიკურ წრეებში არსებობს ვარაუდი, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა მისი წინამორბედის, თორნიკე რიჟვაძის კადრების მასობრივი წმენდა დაიწყო და არჩილ ჩიქოვანის მიერ თანამდებობის დატოვებაც სწორედ ამას უკავშირდება.
კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ არც რიჟვაძეს და არც ჩიქოვანს ბრიფინგის გაკეთების საშუალებაც კი არ მისცეს.
არც ჩიქოვანი და არც რიჟვაძე ავტორიტეტს არ წარმოადგენდა. ის უბრალოდ ბიძინამ მოიყვანა, დასვა და ზუსტად ისე გაუშვა, როგორც იმსახურებდნენ. ბრიფინგის გაკეთების საშუალებაც კი არ მისცა არც რიჟვაძეს და არც ჩიქოვანს. როგორც ჩანს, წინა ღამით ორივეს შეატყობინეს ცენტრალური ოფისიდან, რომ პოსტები უნდა დაეწერათ. ეს ყველაფერი ნათლად მიუთითებს მთავარ რამეზე, როგორ უყურებს ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ქვეყანას, როგორი დამოკიდებულება აქვს მას ჩვენს ქალაქთან". - აცხადებს კოალიცია "ცვლილებების" წევრი, გიორგი კირთაძე.
"პირველებს" წყარო უყვება იმასაც, რომ აჭარაში გათავისუფლებების სერია კვლავ გაგრძელდება. წყაროს ინფორმაციით, გასათავისუფლებელთა სიაში ქობულეთის მერი, ლევან ზოიძეა, რომლის დაც თორნიკე რიჟვაძის ადმინისტრაციის უფროსი იყო და სულხან თამაზაშვილმა სამსახურიდან მისი დანიშვნის პირველივე დღეს დაითხოვა.
ცნობისთვის, არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერის თანამდებობა დღეს დატოვა. ამის შესახებ მან Facebook პოსტი დაწერა. ჩიქოვანი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ახლო მეგობარი და ნათელ-მირონია. ჩიქოვანი წლების განმავლობაში მეგის ქარდავას მოადგილე იყო, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ "ქართულ ოცნებაში" პორტირდა.
"პირველების" ინფორმაციით, ბათუმის მერის მოვალეობას გიორგი მურვანიძე შეასრულებს.
არაოფიციალური ინფორმაციით, გიორგი მურვანიძე სულხან თამაზაშვილის ახლო გარემოცვის წევრია. ოფიციალური ცნობების თანახმად, ის 2004-2005 წლებში ბათუმის რაიონული პროკურატურის გამომძიებლად მუშაობდა, 2005-2006 წლებში აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად.