შსს უცხოელებს, რომლებიც აქციების დროს წესებს დაარღვევენ, ქვეყნიდან გაძევებით ემუქრება - ახალი საკანონმდებლო ინიციატივა

13.05.25 15:59
შსს უცხოელებს, რომლებიც აქციების დროს წესებს დაარღვევენ, ქვეყნიდან გაძევებით ემუქრება - ახალი საკანონმდებლო ინიციატივა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა, რომლითაც ქვეყნიდან გააძევებენ იმ უცხოელებს, რომლებიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ წესებს დაარღვევენ, ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენენ.

ალექსანდრე დარახველიძის მიერ წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ისეთი ქმედების ჩადენამ, როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა, შესაძლოა, მისი საქართველოდან გაძევება და მის მიმართ საქართველოში შემოსვლის 3 წლამდე ვადით აკრძალვა გამოიწვიოს.

ამასთან, დღეს ალექსანდრე დარახველიძე ერთპარტიული პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამტკიცებდა, რომ "აქციებში არაერთი უცხოელი მონაწილეობდა, რომლებიც დესტრუქციულ ქმედებებში იყვნენ ჩართული". მისივე რწმუნებით, ამის აღსაკვეთად ისეთი მექანიზმების არსებობაა საჭირო, რომელიც უცხოელებს ქვეყნიდან გააძევებს. 

მათ მიერ სამართალდარღვევის გამო არაერთი სასამართლო გადაწყვეტილება არის გამოტანილი. გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული პატიმრობაც, თუმცა გაძევების არანაირი მექანიზმი არ არსებობდა. შესაბამისად, ეს მუხლი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში დესტრუქციის მიზნით შემოდიან, გამოყენებული იყოს ღონისძიება - ქვეყნიდან გაძევება და გარკვეული ვადით ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება იყოს დაცული.

ამ პირების გარკვეული რაოდენობა ქვეყანაში აქციების წინა დღეებში შემოვიდა. ეს ფაქტი შეიძლება დამატებითი კითხვის ნიშნებს აჩენდეს. ეს ადამიანები გარკვეულ პირებს დესტრუქციული ქმედებებისკენ აქტიურად მოუწოდებდნენ. ორგანიზაციული ნაწილი რომ გამოკვეთილიყო, მათ მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგებოდა. დიდია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული. მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ კონკრეტული პირების დაკავება და ადმინისტრაციული სანქციების გამოყენება დაიწყო, ეს რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.

სამწუხაროდ, საქმეს ართულებდა ის, რომ იმის მიუხედავად, რომ კონკრეტული პირების მიმართ 10-15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება მოხდა, მათ საქართველოში უვიზოდ დარჩენის ერთწლიანი ვადა ჰქონდათ. შესაბამისად, ამ ადამიანების მიმართ გაძევების პროცედურა ვერ დავიწყეთ.

იყო შემთხვევა, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ანჩისხატის ეკლესიას კვერცხები დაუშინეს, რამაც საზოგადოებაში დიდი აგრესია გამოიწვია.

ადმინისტრაციული კუთხით მნიშვნელოვანია ისეთი დარღვევები როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციის დაუმორჩილებლობა, შეკრება-მანიფესტაციების წესის დარღვევა. ეს ის შემთხვევებია, რასაც აქციის მონაწილეები პოლიციის და სახელმწიფოს მიმართ იყენებენ. ასე რომ, თუ ჩვენ ეფექტური მექანიზმები გვექნება, დესტრუქციული ქმედებებს პასუხს გავცემთ. ეს აქციებში მსგავსი ძალების ჩართვის პრევენციას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა დარახველიძემ.