შსს ქართველი მებრძოლების წინააღმდეგ - გომელაურმა რუსული სასამართლოების განაჩენების აღსრულება დაიწყო

13.05.25 20:52
შსს ქართველი მებრძოლების წინააღმდეგ - გომელაურმა რუსული სასამართლოების განაჩენების აღსრულება დაიწყო

შსს-მ რუსეთის სასამართლოების მიერ უკრაინაში მებრძოლი ქართველების წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების აღსრულება დაიწყო. ამის შესახებ ცნობილი ხდება დოკუმენტით, რომელიც უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა რატი ბურდულმა სოციალური ქსელით გაასაჯაროა. 

დოკუმენტის თანახმად, შსს-მ ერთ-ერთ ქართველ მებრძოლს, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა. 

 

ის ფაქტი, რომ საქართველოს შსს რუსეთის სასამართლოს განაჩენს აღასრულებს, ჩემი აზრით, არის ცალსახა ღალატი. ჩემი აზრით, ეს არის, უბრალოდ წინა ნაწილი იმის, რომ ამ აღსრულებით უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ აი, რუსეთის სასამართლოს განაჩენებს ვასრულებთ საქართველოში, - ამბობს ქართველი მებრძოლი. 
 

უკრაინაში მებრძოლი ქართველი რატი ბურდული "პირველებთან" საუბრისას ამბობს, რომ ეს რუსული სპეცსსამსახურების და საქართველოში შსს-ს ერთობლივი სპეცოპერაციის ნაწილია, ახლა მიმდინარეობს საზოგადოების გატესტვა, თუ რა რეაქცია მოყვება ხალხში ამ გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ ბურდული არ გამორიცხავს, რომ დაიწყოს ქართველი მებრძოლების დაკავება და რუსეთისთვის გადაცემა. 

შემდეგი ეტაპი იქნება ამ ადამიანების დაკავება და გადაცემა რუსეთისთვის. ეს დოკუმენტი არის დამამტკიცებელი, რომ არა საიდუმლოდ, არამედ ღიად და ოფიციალურად, პირდაპირ კონტროლში არიან რუსეთიდან. დოკუმენტში შავით თეთრზე წერია, რომ რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება ადამიანების სამართლებრივი დევნა. ეს არის, ჩემი აზრით, კბილის მოსინჯვა, რამდენად მიიღებს საზოგადოება, გაუვათ თუ არა. საფრთხე ქართველი მებრძოლებისთვის არის უზარმაზარი, რადგან რუსეთმა გადაწყვიტა, რომ რაც ბრძოლის ველზე ვერ შეძლო, ქართველი მებრძოლების დამარცხება, ეს გააკეთოს ქართული პოლიციის ხელით. ქართული პოლიცია არის ის შავი ჩექმა, რომელიც ანწუხელიძეს ადგა ბეჭებზე, - ამბობს ბურდული.

 

უკრაინაში დაფუძნებული კავკასიის დაზვერვის ცენტრის დირექტორი მიხეილ  ბატურინი "პირველებთან" ინტერვიუში ამტკიცებს, რომ რუსეთმა ქართველი მებრძოლების წინააღმდეგ ახალი სადამსჯელო სპეცოპერაცია დაგეგმა. ამ სპეცოპერაციის ფარგლებში იგეგმება ფრონტის ხაზიდან დაბრუნებული მეომრების გატაცება. 

 

სამწუხაროდ, საქართველოს შსს დიდი ხანია არის რუსეთის შსს-ს დანაყოფი. ამას ყველანაირად ხელს უწყობს რუსეთის ადმინისტრაცია, ე.წ. "ქართული ოცნების" "მთავრობა", რომლებიც ყველანაირად ასრულებენ კრემლის დავალებას. რაც შეეხება ამ ფაქტს, ესენი აქტიურ ფაზაში გადავიდნენ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ 15 მაისიდან აპირებენ უახლოეს ხანში, დაახლოებით ორ კვირაში, ჩაატარონ სპეცოპერაცია მეომრების წინააღმდეგ კონკრეტული დავალებით, დაშინების მიზნით განახორციელონ ლიკვიდაცია. საქართელოს ტერიტორიაზე და სხვა ქვეყნებში სადაც რუსეთის აგენტურა ფარფაშებს, - ამბობს მიხეილ ბატურინი. 

შსს-ს დოკუმენტი სოციალურ ქსელში დღეს გასაჯაროვდა, თუმცა ამ დრომდე გომელაურის უწყებას განმარტებები არ გაუკეთებია.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას ჩართვაში.