ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს (ვიდეო)

14.05.25 14:02
ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს (ვიდეო)

 

 

თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა.  

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა გამოაცხადა. 

  • საქმე ეხება წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო დაკისრებულ გირაოს, რომელიც ოქრუაშვილმა არ გადაიხადა.

ოქრუაშვილის მიმართ პატიმრობას სხდომაზე პროკურატურა ითხოვდა. 

ვიდრე მოსამართლე ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას შეუფარდებდა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სასამართლო სხდომის დარბაზშივე მოიხსნა ქამარი. მან პროცესზე აღნიშნა, რომ მეტალის ნივთებიც კი არ გაუკეთებია დღევანდელ პროცესზე, რადგან ყველაფერს ელოდებოდა.

მას შემდეგ კი, რაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, მოსამართლე ნინო თარაშვილს მიმართა კითხვით, თუ რომელ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანდნენ. ოქრუაშვილმა იქვე დასძინა, რომ თუ რუსთავის ციხეში გადაიყვანენ, მხოლოდ დისტანციურად ჩაერთვება და პროცესებზე ვერ ივლის. მან მოსამართლეს მიმართა, რომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხდომებს არ დაესწრება.

ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის თქმით, კანონი, გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში, იმპერატიულად პატიმრობის შეფარდებას არ ითვალისწინებს. 

"ოქრუაშვილს გირაო ჰქონდა შეფარდებული, არ გადაიხადა ეს გირაო, მაგრამ კანონი იმპერატიულად არ ითხოვს, თუკი ადამიანი არ იმალება, არაფერს აშავებს, მაინცდამაინც პატიმრობით შეცვლილიყო გირაო. აღნიშნული ღონისძიების გამოყენება უკანონოა" - თქვა ჭაბაშვილმა. 

  • ირაკლი ოქრუაშვილს წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, 8 აპრილს, აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზღვრის კვეთა აეკრძალა. პოლიტიკოსმა თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. 

ივანიშვილის პარლამენტის "საგამოძიებო კომისიის" სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, თავდაცვის ყოფილ მინისტრს  7 აპრილს წარუდგინეს. 

ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს, 50 000 ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000 ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000 ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.