ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო დაკისრებული გირაოს გადახდას არც ის აპირებს

14.05.25 17:22
ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო დაკისრებული გირაოს გადახდას არც ის აპირებს

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს. ოპოზიციონერი ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ისიც ოქრუაშვილის მსგავსად დააკავონ, თუმცა მიიჩნევს, რომ ერთადერთი სწორი პოზიცია ახლა სწორედ ეს არის. მისი თქმით, რეჟიმთან თანამშრომლობა დაუშვებელია.  

ჩემთან მიმართებაში არ ვიცი, მაგრამ თემა იგივეა. ერთადერთი სწორი პოზიცია, ამ შემთხვევაში რაც შეიძლება, იყოს, არის ის, რომ არანაირი გირაო, არ შეიძლება, რეჟიმთან რაიმე ფორმით თანამშრომლობა, ამიტომ ის, რომ ვიღაცეები სადღაც შეიკრიბნენ, საკუთარ თავს პარლამენტი დაარქვეს და ვითომ კომისია შექმნეს და სადღაც გიბარებენ, მაგ თამაშში არ უნდა აყვე. მგონია, რომ საბოლოო ჯამში, თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე და ქცევაზე გადის ამ რეჟიმთან დაპირისპირება და ის, თუ როდის დამარცხდება ეს რეჟიმი, - ამბობს ზურა ჯაფარიძე. 

თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა.