წულუკიანის კომისიის მიზანი პოლიტიკური ოპონენტების დევნაა - დათუნაშვილი
ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი პოლიტიკური რეპრესიებად აფასებს. ოპოზიციონერის თქმით, ფაქტმა ცხადყო, რომ წულუკიანის კომისიის მიზანი სწორედ ოპონენტების დაკავება იყო.
ამასთან, დათუნაშვილი ამბობს, რომ 4 დღეში ჯაფარიძე-ხაზარაძის პროცესიც არის ჩანიშნული და ისინი მოვლენების ყველანაირი განვითარებისთვის მზად არან.
სრული სოლიდარობა ბატონ ოქრუაშვილს. მისმა დაკავებამ დაადასტურა ის, რასაც ვამბობდით პირველივე წუთიდან, როდესაც ამ კომისიაზე დაიწყეს მოქმედი პოლიტიკოსების დაბარება, რომ მთავარი მიზანი ამ კომისიის იყო პოლიტიკური ოპონენტების დევნა და მათ თავზე სისხლის სამართლის დევნის დაკიდება. ხაზარაძე-ჯაფარიძის პროცესიც აგერ, 4 დღეში იქნება და ვნახავთ, რით გაგრძელდება ეს ეტაპი პოლიტიკური რეპრესიების. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.
თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა.