რას შეეწირა ირაკლი ხმალაძის თანამდებობა მერიაში?

15.05.25 13:36
რას შეეწირა ირაკლი ხმალაძის თანამდებობა მერიაში?

რას შეეწირა ირაკლი ხმალაძის თანამდებობა? - ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ კალაძის მარჯვენა ხელი მშენებლობის ნებართვებს და თბილისის მერიას "შაბათის ეთერის" სკანდალური ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ჩამოაშორეს.

  • სწორედ ამ გამოძიების დროს იპოვეს გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ბეთანიაში მილიონ 200 ათას ლარიანი სასახლე, რომელიც მერიის ყოფილი თანამშრომლის სახელზე არის გაფორმებული. 

პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ "შაბათის ეთერის" რეპორტაჟში კორუფციის თვალსაჩინო ფაქტები იყო მოყვანილი, რასაც რეჟიმი "ვეღარ დაემალებოდა". 

თბილისის მერია არის სრულად ჩაფლული კორუფციაში და აქ ეს პიროვნება იყო მთავარი პასუხისმგებელი კორუფციულ გარიგებებზე, სამშენებლო ნებართვებზე. იმდენად გამწვავდა ეს ვითარება, რომ როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ბუნებრივია, იმდენად თვალსაჩინო იყო სიუჟეტში მოყვანილი ფაქტები, რომ ამას ნამდვილად ვეღარ დაემალებოდნენ, გაექცეოდნენ და ეს მაღალჩინოსანი სხვა სამინისტროში გადაიყვანეს. აქ მთავარია ის, რომ "ოცნება" არაფერს აკეთებს კორუფციის დასამარცხებლად". - განაცხადა გიორგი შარაშიძემ. 

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ფაქტს, რომ "უდიდეს ცინიზმად" აფასებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, კახა კალაძის ყოფილი მარჯვენა ხელი კორუფციული დაჯგუფების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობის პარალელურად, გამდიდრდა და მილიონერი გახდა. 

უდიდესი ცინიზმი არის, როდესაც დადასტურებულ კორუფციაში მხილებული ადამიანები ერთი თანამდებობიდან მეორეზე გადაჰყავთ ისე, რომ კანონის წინაშე არ ხდება მათი მხრიდან პასუხისგება იმ დანაშაულზე, რომელიც ჩადენილი აქვთ თბილისელების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ამ კორუფციული დაჯგუფების არის ირაკლი ხმალაძე, რომელიც გადაიყვანეს ახლა სხვა თანამდებობაზე. ჟურნალისტური გამოძიებით დადასტურებულად ვნახეთ ის ძალიან სერიოზული სავარაუდო დანაშაული, რომელშიც ხმალაძე მონაწილეობდა. მილიონერი გახდა საჯარო სამსახურში მუშაობის პარალელურად". - განაცხადა საბა ბუაძემ. 

ირაკლი ხმალაძე თბილისი ვიცე-მერი აღარ არის, ის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ხმალაძის დანიშვნის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა. 

საკადრო ცვლილებებს მერიაში წინ უძღოდა "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიება. "შაბათის ეთერისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 362 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი და უზარმაზარი ეზო ბეთანიაში კახა კალაძის მარჯვენა ხელს, თბილისის აწ უკვე ყოფილ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს ეკუთვნის, რომელმაც ქონება ყოფილი თანამშრომლის სახელზე გააფორმა.