პოლოლიკაშვილმა დაიმსახურა კანდიდატურის გამოწვევა - ირალი კობახიძე
"ქართული ოცნების" პრემიერი ადასტურებს, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატობიდან მოხსნილ ზურაბ პოლოლიკაშვილს სამი კვირის განმავლობაში არ პასუხობდა. როგორც ირაკლი კობახიძე მედიასთან ამბობს, ზურაბ პოლოლიკაშვილი "პასუხის გაცემის ღირსი არ იყო".
კობახიძე ირწმუნება, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილი “დაუპირისპირდა სახელმწიფო ინტერესებს”, რამაც განაპირობა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის პოსტზე მისი კანდიდატურის გამოწვევა, თუმცა არაერთი კითხვის მიუხედავად "ქართული ოცნების" პრემიერი არ განმარტავს, რა ინტერესზეა საუბარი.
"მან ეს დაიმსახურა" - აღნიშნავს მედიასთან კობახიძე.
ივანიშვილის გუნის წევრს მედიამ გუშინ სამავრობო ეთერში გაკეთებული განცხადების განმარტება სთხოვა - საუბარია კომენტარზე სადაც "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ “ჩვენი ელჩების დაბარება დაიწყეს კონკრეტულმა სახელმწიფოებმა, რომ მესამედ წარვადგინეთ გაეროს სისტემაში კანდიდატურა".
ირაკლი კობახიძემ დღეს ამ თემაზე საუბარი არ ისურვა, რადგან მისი თქმით, შეხვედრები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა:
ვერ დავაკონკრეტებ ელჩების ვინაობას, ვინაიდან დახურულ რეჟიმში ხდება ელჩების დაბარება და უკმაყოფილების გამოხატვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შემთხვევაში, მესამე ვადით დავუჭირეთ მხარი კონკრეტულ კანდიდატურას. საუბარია საქართველოს ელჩებზე, რომლებიც დაიბარეს და ანგარიში მოსთხოვეს. რაც შეეხება კანდიდატურას, ისეთი აღქმა აქვთ ვიღაც-ვიღაცებს, რომ ჩვენი ხელისუფლება, კეთილშობილური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, იმსახურებს უდიერ დამოკიდებულებას; რომ შეიძლება, თავში ჩაარტყან ხელისუფლებას და იქიდან რეაქციაც არ უნდა მიიღონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, თავში ჩარტყმას თავში ჩარტყმით არ ვუპასუხებთ, მაგრამ ასეთ ქმედებებზე ყველა მიიღებს შესაბამის პასუხს და სწორედ ამას ეფუძნებოდა მიღებული გადაწყვეტილება" - აღნიშნა მან.
ირაკლი კობახიძის თქმით, მიუღებელია ლექსიკა, რომელიც UNWTO-ს ხელმძღვანელმა "ქართული ოცნების" მისამართით გამოიყენა.
როდესაც ასეთი კაცი, ჯერ კიდევ თანამდებობაზე მყოფი, ასეთი ლექსიკით საუბრობს საკუთარი წარმდგენი ქვეყნის ხელისუფლების თაობაზე, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ მისი გამოწვევა უალტერნატივო იყო. (ის, რომ სამი კვირის განმავლობაში არ ვპასუხობდით) ეს მართალია. პასუხს უნდა იმსახურებდე, რომ შემდეგ ამაზე პრეტენზია გამოთქვა. როდესაც ვიღაც ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავში ჩაარტყას, მერე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, რომ არ პასუხობდნენ. მან სცადა ისეთი რამ, რის გამოც აღარ დაიმსახურა პასუხი და დაიმსახურა მისი კანდიდატურის გამოწვევა. ის დაუპირისპირდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ივანიშვილის პრემიერი ამტკიცებს, რომ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნა და საქართველოს მიერ არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატის მხარდაჭერა ერთმანეთთან კავშირში არ არის.
არაფერ კავშირში არ არის ეს არაბთა გაერთიანებული საამიროების ან რომელიმე სხვა ქვეყნის კანდიდატის მხარდაჭერასთან. ჯერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნის თაობაზე და შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერაზე. არავითარი კავშირი არ არის ამ ორ მოვლენას შორის. რომ არ ყოფილიყო ეს უდიერი მიდგომა, თავში ჩარტყმის მცდელობა და ა.შ. ყველაფერი იქნებოდა სხვანაირად", - ამბობს ირაკლი კობახიძემ.
"ქართულმა ოცნებამ" გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გამოიწვია და მხარდაჭერა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს გამოუცხადა.
თავის მხრივ, პოლოლიკაშვილი „ოცნების“ მესვეურებს „დიპ ვირთხებს“ უწოდებს და ამბობს, რომ კობახიძე მას სამი კვირაა ემალება.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან (UAE) სავარაუდო გარიგებით ცვლიდა გაეროს ტურიზმის გენერალურ მდივანს გამოცემა The Diplomat-მა გაავრცელა. ესპანური გამოცემა წერდა, რომ ეს ნაბიჯი საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიულ დაახლოებად აღიქმება.