შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველომ ბაჩიაშვილის გადმოცემა მოითხოვა, ან ზარქუას გათავისუფლება - მელაშვილი
"პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გამოწვევით, საქართველომ დაკარგა შესაძლებლობა, ყოფილიყო წარმოდგენილი უმაღლეს საერთაშორისო დონეზე" - ამის შესახებ მკვლევარმა გიორგი მელაშვილმა "პირველებთან" განაცხადა.
ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებლის თქმით, "ქართული ოცნების" მიერ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნა შესაძლოა ბევრ მიზეზს, მათ შორის, გიორგი ბაჩიაშვილის ექსტრადიციის საკითხს, ან ირაკლი ზარქუას გათავისუფლებას ეხებოდეს.
პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გამოწვევით, საქართველომ დაკარგა შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო წარმოდგენილი უმაღლეს საერთაშორისო დონეზე. სამწუხაროა, რომ ეს მოხდა. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ქართველის კანდიდატი თავად საქართველომ გამოიწვია. ასეთი რამ არ ვიცი საერთოდ დიპლომატიაში თუ მომხდარა. მიზეზებს რაც შეეხება, შეიძლება ბევრი რამ ვივარაუდოთ. შეიძლება ბაჩიაშვილის გადმოცემა მოითხოვა საქართველომ, შეიძლება ზარქუას გათავისუფლება, შეიძლება საინვესტიციო შეთანხმება იყო. ან უფრო მარტივად, ქეშზე გაცვალეს, მაგრამ ფაქტია, რომ ამით დაზიანდა საქართველო, ჩვენი ქვეყნის იმიჯი. საერთოდ გაუგებარია, რას აკეთებს "ქართული ოცნება" ამ გადაწყვეტილებით". - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.
"ქართულმა ოცნებამ" გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გამოიწვია და მხარდაჭერა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს გამოუცხადა.
თავის მხრივ, პოლოლიკაშვილი „ოცნების“ მესვეურებს „დიპ ვირთხებს“ უწოდებს და ამბობს, რომ კობახიძე მას სამი კვირაა ემალება.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან (UAE) სავარაუდო გარიგებით ცვლიდა გაეროს ტურიზმის გენერალურ მდივანს გამოცემა The Diplomat-მა გაავრცელა. ესპანური გამოცემა წერდა, რომ ეს ნაბიჯი საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიულ დაახლოებად აღიქმება.