პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა - ბადრი ჯაფარიძე დღევანდელ სასამართლოზე
პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა, - ასე აფასებს ბადრი ჯაფარიძე იმ სასამართლო პროცესს, რომელიც მის საქმეზე დღეს არის ჩანიშნული. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, წულუკიანის კომისია კანონდარღვევით შექიმნა, შესაბამისად, კოალიცია "ძლიერი საქართველოს ლიდერების წინააღმდეგს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაც უკანონოა.
ჯაფარიძე პირდაპირ ამბობს, რომ რეალურად, წულუკიანის კომისია ოპონენტებზე ანგარიშსწორებას ემსახურება.
ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება, იმიტომ, რომ კომისია, სადაც არმისვლის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჩემი და მამუკას წინააღმდეგ, ის კომისია არის კანონის სრული დარღვევით შექმნილი. ფაქტობრივად, ის არ არსებობს, ის არის პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის შექმნილი, შესაბამისად, ეს არის გაგრძელება პოლიტიკური დევნის, რომელიც მიმდინარეობს 5 წელია უკვე, - ამბობს ჯაფარიძე.
საქალაქო სასამართლოში დღეს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერების ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის პროცესებია ჩანიშნული. საქმე წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადებას ეხება.
ამ წუთებშიც ბადრი ჯაფარიძის წინასასამართლო სხდომა იწყება, სადაც მოსამართლემ მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელოს. აღსანიშნავია, რომ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს შეფარდებული გირაო გადახდილი აქვთ, ამიტომ აღკვეთის ღონისძიება აღარ გადაისინჯება.
ადვოკატები გეგმავენ, დღევანდელ პროცესზე დააყენონ შუამდგომლობა და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა მოითხოვონ. ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ საქმე აბსურდულია.