ხაბეიშვილი: რკინიგზაში კორუფციული სქემა მოქმედებს, რომლითაც ქვეყანას 240-დან 300 მილიონ ლარამდე მოპარეს

20.05.25 23:35
ხაბეიშვილი: რკინიგზაში კორუფციული სქემა მოქმედებს, რომლითაც ქვეყანას 240-დან 300 მილიონ ლარამდე მოპარეს

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი გადაცემა “რეაქციაში“ ასაჯაროვებს დოკუმენტებს, სადაც რკინიგზაში არსებულ კორუფციულ სქემებზეა საუბარი.

პოლიტიკოსი კონკრეტულ გვარებს და სახელებს ასახელებს, ვინც, მისი თქმით, ქვეყანას, წინასწარ გაწერილი სქემებით, 240-დან 300 მილიონ ლარამდე მოპარა.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ ამ კორუფციული სქემის სათავეში ლილუაშვილი და ოხანაშვილი დგანან, და  მისივე მტკიცებით, ეს სქემა ცოტა ხნის წინ, რკინიგზის ახალმა ხელმძღვანელმა გადაიბარა.

საუბარია 240-იდან 300 მილიონ ლარამდე, რომელიც გააქრეს და ხალხს მოპარეს. საქართველოს რკინიგზაში, კომპანია მიდელ ინვესტი, რომლის დირექტორიც არის ვაჟა ხარაბაძე, რომელიც ოზურგეთში ერთი გაჭირვებული კაცი იყო და უცბად დაეცა მილიონები. კომპანიაში არის ნომინალური წარმომადგენელი. ლილუაშვილის აწყობილი სქემაა, რომელიც გააგრძელა ოხანაშვილმა და ალბათ აგრძელებს ლაშა აბაშიძე, რომელიც ორი დღის წარდგენილია, მაგრამ წარდგენამდე ერთი დღით ადრე მივიდა, რომ გაეგო, აბა სად რა ფული კეთდებაო. მე მაქვს დოკუმენტები, სადაც შავით-თეთრზე წერია, რომ  საქართველოს რკინიგზაში, მაგალითად, მიდის აზერბაიჯანელი და დაწესებული ტარიფით, დავუშავათ 5 ლარად უნდა იყიდოს სერვისი და გაატაროს ტვირთი, თუმცა იქ ეუბნებიან, რომ ეს სერვისი უკვე იყიდა ვინმე ვაჟა ხარაბაძემ 1 წლით და უნდა მიხვიდე მასთან. ეს აზერბაიჯანელი მივიდა მასთან და სერვისში 5 ლარის ნაცვლად იხდის 20 ლარს. არაფერი ხდება, უბრალოდ 240-300 მილიონი, ამ საშუალებით, არაფერში, მოგვპარეს ჩვენ. ახლა ეს ოზურგეთელი ვაჟიკიე დუბაიში რომ ისვენებს, ჩვენი ფულია, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააძრო. ე.ი. ლილუაშვილის აწყობილი სქემა, გადმოიბარა ოხანაშვილმა, ახლა იბარებს ხალხს და აწყობს საქმეებს,- ამბობს პოლიტიკოსი. 

ხაბეიშვილის თქმით, ამავე პიროვნებას, ვინც რკინიგზაში კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობს, ასევე წილები აქვს  შპს ფოთის მარცვლეულის ტერმინალში.

გაგიკვირდებათ და ამ ვაჟიკიეს შპს ფოთის მარცვლეულის ტერმინალში აღმოაჩნდა 36 პროცენტიანი წილი. ამ კაცმა ფული არ იცოდა საერთოდ და რანაირად მოახერხა ეს წილი კომპანიაში, რომელსაც 200 -მილიონიანი ბრუნვა აქვს, წლიდან- წლამდე. მისი პარტნიორია მერკვილაძე, რომელიც დანიშნა კობახიძემ და რა გამოდის, სქემა ვინ გადაიბარა? კობახიძემ. იქ კიდევ ოხანაშვილმა,-აცხადებს ის.

პოლიტკოსი ამბობს, რომ საქართველოში აწყობილი კორუფციული სქემებით საერთაშორისო გამომძიებელები არიან დაინტერესებულნი.

რკინიგზაში ხდება უბედურება, მათ შორის პორტები ნარკოტიკებით არის სავსე, სამწუხაროდ, საქართველო გახდა ნარკოტიკების ჰაბი, ბიძინა ივანიშვილის ხელში,-ამბობს ხაბეიშვილი.