რაჟდენ კუპრაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ ე.წ. აგენტების კანონი ვინმეს დასჯისკენ არ არის მიმართული

21.05.25 12:40
რაჟდენ კუპრაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ ე.წ. აგენტების კანონი ვინმეს დასჯისკენ არ არის მიმართული

რაჟდენ კუპრაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ ე.წ. აგენტების კანონი, რომელიც, რეჟიმის მტკიცებით, ფარას ანალოგია, რაიმე სახის შეზღუდვებს არ ემსახურება და მხოლოდ გამჭვირვალობაზეა ორიენტირებული. ამასთან, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ისევ ვერ განმარტავს, ვის შეეხება აღნიშნული კანონი.

ჩვენ შეხვედრებს ვმართავთ ყველა იმ სავარაუდო სუბიექტებთან, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ვისაც შეიძლება, შეეხოს ეს კანონი. დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იქნება კანონის აღსრულების მექანიზმები. ფარას კანონი არანაირად არ უნდა იყოს გაგებული, რომ რაიმე სახის შეზღუდვებს აწესებს ან რაიმე სახის სტიგმატიზაციას იწვევს. პირიქით, ფარას კანონი ეფუძნება იმ ძირითად პრინციპებს, რაც არის დაკავშირებული გამჭვირვალობასთან, ნდობასთან, - ამბობს რაჟდენ კუპრაშვილი. 
 

რაჟდენ კუპრაშვილი დახურულ კარს მიღმა არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება. საქმე ე.წ. აგენტების კანონის პრეზენტაციას ეხება, რომელიც, რეჟიმის მტკიცებით, ამერიკული ფარას ანალოგია.

შეხვედრაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები არ იმყოფებიან, რადგან მათ კუპრაშვილს ბოიკოტი გაოუცხადეს. დახურულ კარს მიღმა კუპრაშვილის მოსასმენად იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია.

პრეზენტაციას ესწრებიან სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტები. შეხვედრამდე ნინო ზურიაშვილმა რაჟდენ კუპრაშვილს დაუსვა კითხვა, ვის შეეხება აღნიშნული კანონი და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს მოსთხოვა, კითხვაზე პასუხი წერილობით გასცეს.