თარგამაძე კომისიაზე: ვფიქრობ, რომ ყველა ფიგურანტს, საბოლოო ჯამში, აქვს პატიმრობის საფრთხე
"ყველა პირს, ვინც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდა, „პატიმრობის საფრთხე აქვს“ - ამის შესახებ გივი თარგამაძემ განაცხადა.
მისი თქმით, წულუკიანის კომისია, ხალხისთვის როგორც სანახაობა, არ გამოვიდა და უფრო გამძვინვარდებიან:
მეც ვიყავი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ომის გამოძიების და ზუსტად ვიცი, რა ხდება და როგორ ხდება. ფაქტია, რომ ის პროცედურები არ ჩატარებულა. დაბარებასთან მიმართებაში კენჭისყრა არ ყოფილა, მაგრამ როგორ ჩანს, ისე ჭრიან და კერავენ. აქედან გამომდინარე, არც ვიცი, რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს საქმის არსებითი განხილვა.
კიდევ ერთხელ ვამბობ, იქიდან გამომდინარე, რომ მძიმე მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“, საერთაშორისო არენაზე გამოსავალი არ აქვს, ვფიქრობ, რომ კომისია, ხალხისთვის როგორც სანახაობა არ გამოუვიდათ. ვფიქრობ, რომ უფრო გამძვინვარდებიან და დასჯით ნაწილს დაამძიმებენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყველა ფიგურანტს, საბოლოო ჯამში, აქვს პატიმრობის საფრთხე“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.
წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პოლიტიკოს გივი თარგამაძის წინააღმდეგ აღძრული საქმე სასამართლოს არსებითად განხილვისთვის გადაეცა, რითაც სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დღევანდელ სხდომაზე, დაცვის მხარე სისხლის სამართლის საქმის საერთოდ შეწყვეტას ითხოვდა.
ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და სამართლებრივი თვალსაზრისითაც აბსურდია.
- თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა.
- ცნობისთვის, "ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს, 50 000 ლარანი გირაო აქვს შეფარდებული კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს ნიკა მელიას, ხოლო 30 000 ნიკა გვარამიას, ასევე 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ხოლო 20 000 ლარიანი გირაო გივი თარგამაძეს.