საია: წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობა დანაშაულად ვერ შეფასდება

21.05.25 17:29
საია: წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობა დანაშაულად ვერ შეფასდება

საია  „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობის საკითხსა და კომისიაზე დაბარებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ კომისიაზე გამოუცხადებლობა ვერ შეფასდება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. 

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის სანქცია გათვალისწინებულია, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ისე სისხლის სამართლის კოდექსში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1733 მუხლის მიხედვით - „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათი მინიმალური ოდენობით“. ანალოგიური შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლიც, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ, ერთი და იგივე ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც სამართალდარღვევად, ისე დანაშაულად.

იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი არ განსაზღვრავს, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებში იდენტური ჩანაწერების არსებობის შემთხვევაში რომელს ენიჭება უპირატესობა, მნიშვნელოვანია საკითხის შეფასება მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნეს ის ნორმა, რომელიც ნაკლებად ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას (In dubio pro libertate).

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, რომლისთვისაც სასჯელის მაქსიმალურ ზომად გათვალისწინებულია ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. ქმედების შემადგენლობა და მისი ჩადენისთვის განსაზღვრული სასჯელიც მიუთითებს, რომ აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის საშიშ ქმედებას, რაც პრიორიტეტულს გახდიდა მისი ჩამდენი პირის მიმართ სისხლის სამართლის კანონდებლობის მომეტებული გავრცელების საჭიროებაზე. პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ იხელმძღვანელოს საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, მინიმალური ჩარევის სტანდარტებით, პროპორციულობის და სამართლებრივი განჭვრეტადობა პრინციპებით.

პროპორციულობის პრინციპი გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი უფლებრივი შეზღუდვა, რისი გამოყენებაც სახელმწიფოს მხრიდან ხდება, უნდა იყოს სამართლიანი, საჭირო და სათანადოდ დასაბუთებული, და არ უნდა აღემატებოდეს მიზნის მისაღწევად აუცილებელ ზომებს. ხოლო სამართლებრივი განჭვრეტადობა წარმოადგენს ისეთ მნიშვნელოვან პრინციპს სამართალში, რომელიც გულისხმობს, რომ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შეაფასოს თავისი ქმედების შედეგები. აღსანიშნავია, რომ სამართლებრივი განჭვრეტადობის პრინციპი ადამიანების უსაფრთხოების გარანტიაა, მოცემულ შემთხვევაში, კი, ადამიანისთვის არ არის განჭვრეტადი, როგორ მოხდება მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება.

ზემოთ ხსენებულის მიუხედავად, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღეს გადაწყვეტილება, რომლითაც უგულებელყვეს არამხოლოდ იდენტური შინაარსის მუხლის არსებობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, არამედ ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტები.

პროკურორმა სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი ორი ტესტით: მტკიცებულებითი და საჯარო ინტერესის ტესტით, რომლებიც ერთობლიობაში ქმნის ე.წ. სრულ ტესტს. მხოლოდ სრული ტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უნდა დაიწყოს პროკურორმა სისხლისსამართლებრივი დევნა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ზემოთ ხსენებული მუხლით მოხდა არაერთი პირისთვის ბრალის წარდგენა.13 ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი პრობლემის სათავე, ასევე, კომისიის ლეგიტიმურობა და კანონიერი მოთხოვნის არარსებობაა. მაგრამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩავთვლით, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, მაინც მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ საჯარო ინტერესზე, რა დროსაც პროკურორმა უნდა გასაზღვროს რამდენად პრიორიტეტულია სახელმწიფოსათვის კონკრეტული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დევნა. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პროკურატურა თვეებია უგულებელყოფს რეალურ საჯარო ინტერესს და არ არ იწყებს სისხლის სამართლებრივ დევნას იმ პირთა მიმართ რომლებიც მონაწილეობდნენ წამების ორგანიზებულ დანაშაულებში.

აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს პატიმრობით შეცვლა

2025 წლის 14 მაისს ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წინასასამართლო სხდომაზე პროკურატურამ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000 ლარის ოდენობის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა.

გირაოსთან ერთად ირაკლი ოქრუაშვილს დამატებითი ვალდებულების სახით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აუკრძალა საზღვრის კვეთა. პირველი წარდგენის სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო არ იყო დასაბუთებული, საყურადღებოა, რომ გირაოს თანხის ოდენობა განისაზღვრება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოცემულ შემთხვევაში ბრალად წარდგენილი მუხლი სასჯელის სახედ ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე.

აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. ბრალდებულს პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება არ შეიძლება შეეფარდოს, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს.

თუ ბრალდებულმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა ან უძრავი ქონების შეტანა, პროკურორი სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.15

პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა, ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა, ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი როგორც პირველი წარდგენის სხდომაზე ისე წინასასამართლო სხდომაზე გამოცხადდა სასამართლოში, სადაც დააფიქსირა მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ აპირებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობას.

მართალია, მოცემულ შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილი იყო სასამართლოსთვის მიემართა გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით, რაც ავტომატურად არ ნიშნავს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობას, მაგრამ, როცა პირი სასამართლოში ცხადდება, უზრუნველყოფილია აღკვეთის ღონისძიების მიზნის შესრულება, მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ პირმა არ გადაიხადა გირაოს თანხა პატიმრობის შუამდგომლობა და შემდეგ სასამართლოს მხრიდან აღნიშნული შუამდგომლობის უაპელაციოდ დაკმაყოფილება მიუთითებს აღკვეთის ღონისძიების მიზნის არასწორ გააზრებაზე. სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის დროს საიას გამოუვლენია არაერთი შემთხვევა, როცა, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა არ გადაიხადა გირაოს თანხა, პროკურატურას არ მიუმართავს სასამართლოსთვის შუამდგომლობით შეცვლილიყო გირაო პატიმრობით, ერთ შემთხვევაში სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მიიჩნია, რომ მხოლოდ გირაოს თანხის გადაუხდელობა გავლენას არ ახდენდა აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებაზე.

ხსენებულ შემთხვევაში პროკურატურის მხრიდან შინაარსობრივი გააზრებისგან დაცლილი, ტექნიკურად მკაცრი მიდგომა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურა მოქმედებს პოლიტიკური მოტივით განპირობებული პირის დასჯის ინტერესით.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულისგან გამომდინარე, საია მიიჩნევს, რომ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო არ არის საქართველოს კანონმდებლობასთან თავსებადი.

საიას განცხადება ვრცლად ნახეთ აქ 

მსგავსი სიახლეები