"რეჟიმს ურთიერთობების გადატვირთვის შანსი არ აქვს" - პირველი კომენტარები მარკო რუბიოს მწვავე გზავნილებზე

21.05.25 20:12
"რეჟიმს ურთიერთობების გადატვირთვის შანსი არ აქვს" - პირველი კომენტარები მარკო რუბიოს მწვავე გზავნილებზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ "ქართული ოცნების" მიმართებით გაჟღერებულ მკაცრ გზავნილებს ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტები პირველ შეფასებებს აძლევენ.

მარკო რუბიოს მიერ "ქართული ოცნების" ხელისუფლების "ანტიამერიკულ მთავრობად" გამოცხადების ფონზე, კოალიცია "ძლიერ საქართველოში" ფიქრობენ, რომ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების დალაგების შანსი არ აქვს. 

"თუ გვინდა, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა რეალურად აღდგეს, ქვეყანაში ახალი არჩევნები სწრაფად უნდა ჩაინიშნოს და ურთიერთობების გადატვირთვა უნდა მოხდეს" - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

ძალიან ნათელი გახადა სახელმწიფო მდივნის განცხადებამ, რომ არავითარ რევიზიას არ ექვემდებარება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა. რეჟიმს, რომელიც აუქმებს ქვეყანაში დემოკრატიულ სივრცეს, არანაირი შანსი არ აქვს ურთიერთობების გადატვირთვის. სწრაფად უნდა ჩაინიშნოს ქვეყანაში ახალი არჩევნები, მოხდეს დემოკრატიული გადატვირთვა ჩვენ თუ გვინდა, რეალურად აღდგეს სტრატეგიული თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნების" რუსული პროპაგანდა მორიგ ჯერზე იტყვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია დიფ სთეითთან დამარცხდა". - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მწვავე განცხადება გიგა ბოკერიასთვის გასაკვირი არ ყოფილა. "ფედერალისტების" ლიდერი "პირველებთან" ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდი როგორც ეროვნულ, ასევე თავისუფალი სამყაროს ინტერესებს უპირისპირდება, შესაბამისად ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის რუბიოს მსგავსი პოზიცია მოსალოდნელი იყო. 

სამწუხაროდ, ეს სრულიად მოსალოდნელი პოზიციაა შეერთებული შტატებისგან. ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი ადგას იმ კურსს, რომელიც პირველ რიგში, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება და ამასთან ერთად, უპირისპირდება თავისუფალი სამყაროს და შეერთებული შტატების ინტერესებს, რადგან მათ აირჩიეს მოკავშირეობა რუსებთან და რუსეთის ტირანიულ პარტნიორებთან, შესაბამისად ეს მოსალოდნელია". - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

ამავე აზრს იზიარებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის გუნდის მმართველობა და ამერიკასთან დადებითი ურთიერთობის დამყარება ყოვლად შეუთავსებელია. 

გადატვირთვა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ოღონდ ახალი არჩევნებით, ახალი წესებით, ახალი გარემოთი და სინდისის პატიმრების გათავისუფლებით. ბიძინა ივანიშვილი და ამერიკის მეგობრობა არის შეუთავსებელი". - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას "ანტიამერიკული მთავრობა" უწოდა - მარკო რუბიომ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტზე გამოსვლის დროს, ჯო უილსონის კითხვის საპასუხოდ დაანონსა ისიც, რომ ამერიკა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ "ზომებს მიიღებს".  

მსგავსი სიახლეები