მარკო რუბიო: "ქართული ოცნება" ანტიამერიკული ძალაა

21.05.25 19:23
მარკო რუბიო: "ქართული ოცნება" ანტიამერიკული ძალაა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას "ანტიამერიკული მთავრობა" უწოდა - მარკო რუბიომ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტზე გამოსვლის დროს, ჯო უილსონის კითხვის საპასუხოდ დაანონსა ისიც, რომ ამერიკა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ "ზომებს მიიღებს". 

ჯო უილსონი: "200 დღეა, თავისუფლების მოყვარე ქართველები ყოველდღე გმირულად გამოდიან ქუჩაში, უჭირავთ ამერიკის დროშები, თან ატარებენ პრეზიდენტის [ტრამპის] ფოტოებს. თქვენი ხელმძღვანელობით, რა იქნება გაკეთებული, რათა სახელმწიფო დეპარტამენტმა ნამდვილი ფასი გადაახდევინოს ანტი-ამერიკულ „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის სახელით“?

მარკო რუბიოს პასუხი შემდეგი იყო:

დავუბრუნდები იმას, რაც ადრე ვთქვი, - [უპირველესია] აშშ-ის მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესები. ასე რომ, ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს: „არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფელბაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს.

ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს. დღეს კონკრეტულად რას ვგეგმავთ, ჯერჯერობით ვერ გამოვაცხადებ. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება.

კიდევ ერთხელ, ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ, მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს ადგილზე, რათა მათ მოგვცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება მთავრობას - ანტიამერიკულ მთავრობას - რეაგირება“.