მოსამართლე ევა გოცირიძის კითხვები "ოცნების" წარმომადგენლებს

10.11.26 21:07
 მოსამართლე ევა გოცირიძის კითხვები "ოცნების" წარმომადგენლებს

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმე - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მოსამართლე ევა გოცირიძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის საგარეო კურსისა და კონსტიტუციური წყობილების ურთიერთმიმართებაზე.

მოსამართლეთა პლენუმის წევრმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელებს კითხა, 78-ე მუხლის შესახებ [საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაცია].

"შევეხოთ სწორედ 78-ე მუხლსაც, რომელიც კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია, თუმცა იგი გარდამავალ დებულებებშია, მაგრამ მინდა, თქვენი კონკრეტული აზრი ვიცოდე. ის გარემოება, საქართველო გახდება თუ არა ამა თუ იმ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ეს არის კონსტიტუციური წყობილების ნაწილი?"- კითხა მოსამართლემ “ქართული ოცნების” წარმომადგენელს, გიორგი კახიანს.

თქვენ წარმოადგინეთ სარჩელი და ცხადია, რომ თითოეული ტერმინის ქვეშ იგულისხმეთ გარკვეული შინაარსი, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თქვენ რა შინაარსი იგულისხმეთ თითოეული ტერმინის ქვეშ.

პირველ რიგში, ეს არის საქართველოს კონსტიტუციური წყობილება. მე ახლავე გეტყვით, რომ ეს შეიძლება გავიგოთ ორი მნიშვნელობით - ვიწრო მნიშვნელობითა და ფართო მნიშვნელობით. ფართო მნიშვნელობით მასში შეიძლება ვიგულისხმოთ ყველაფერი ის, რაც კონსტიტუციაში წერია, ხოლო ვიწრო მნიშვნელობით შეიძლება ვიგულისხმოთ მხოლოდ მისი ყველაზე უფრო ფუნდამენტური საკითხები, რასაც, თუ ევროპულ პრაქტიკას გამოვიყენებთ, შეიძლება ეწოდოს თავისუფალი დემოკრატიული წესრიგი. მასში შედის სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატიულ-სოციალური სახელმწიფო, ზოგადად წარმომადგენლობითი დემოკრატია, პარლამენტარიზმი, გამოხატვის თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი მედია, ანგარიშვალდებული მთავრობა და ა.შ.

თქვენ ამ ვიწრო მნიშვნელობაზე დააფუძნეთ თქვენი სარჩელი თუ ფართო მნიშვნელობაზე და აქვე შეიძლება შევეხოთ სწორედ 78-ე მუხლსაც, რომელიც კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია, თუმცა იგი გარდამავალ დებულებებშია, მაგრამ მინდა, თქვენი კონკრეტული აზრი ვიცოდე. ის გარემოება, საქართველო გახდება თუ არა ამა თუ იმ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ეს არის კონსტიტუციური წყობილების ნაწილი? ან რომელ ქვეყანასთან დაამყარებს სტრატეგიულ თანამშრომლობას, ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, მოლდოვა, ჩინეთი, ზიმბაბვე, ნიკარაგუა… ეს კონსტიტუციური წყობილების ნაწილად მიგაჩნიათ თუ ეს არ შედის იმ ყველაზე მთავარ საკითხებში, რომელსაც ჩვენ შეიძლება ვუწოდოთ კონსტიტუციური წყობილება ვიწრო მნიშვნელობით? თქვენ რომელი გაგებით გესმით ეს ტერმინი?

მეორე ტერმინი არის დამხობა. როგორ გესმით დამხობა, იმიტომ, რომ აქ საუბარია კონსტიტუციური წყობილების დამხობაზე. აქვე, შეგაშველებთ, ამაში რას გულისხმობთ, რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ, რაც თქვენ მიგაჩნიათ კონსტიტუციური წყობილების აუცილებელ კომპონენტებად, სულ მცირე ერთის გაუქმება, დე-ფაქტოდ თუ უფრო ფართოდ გაქვთ წარმოდგენილი? და ძალადობით შეცვლაში რას გულისხმობთ, ეს არის უშუალოდ და მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური ძალის გამოყენება თუ სხვა არამართლზომიერ მეთოდებს, როგორიც არის მუქარა, ტერორი, ზეწოლა, იძულება, ტვინების რეცხვა, მოსყიდვა და ა.შ.” - თქვა გოცირიძემ.

ევა გოცირიძემ ისევ 78-ე მუხლის კონსტიტუციური წყობილების ნაწილთან დაკავშირებით დასვა კითხვა.

“რაც შეეხება 78-ე მუხლს, რომელი ორგანიზაციის წევრი გახდება საქართველო, ეს არის კონსტიტუციური წყობილების განუყოფელი ნაწილი თუ არ არის?” - მიმართა მოსამართლემ კახიანს.

კახიანმა განმარტა, რომ აღნიშნული მუხლი ცალკე ვერ განიხილება და ის სხვა მუხლებთან ერთობლიობაში უნდა იხილებოდეს.

“78-ე მუხლს რაც შეეხება, ხშირად გვხვდება ამ მუხლით აპელირება და იმის მცდელობა, რომ ესა თუ ის ქმედებები არაკონსტიტუციურად წარმოაჩინონ, მაგრამ 780ე მუხლი, ბუნებრივია, ჩვენ უნდა განვიხილოთ კონსტიტუციის სხვა მუხლებთან ერთობლიობაში. როდესაც 78-ე მუხლს წინ უსწრებს კონსტიტუციის სხვა მუხლები, როდესაც სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი არის განმტკიცებული კონსტიტუციის, როდესაც დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპი არის განმარტებული, ბუნებრივია, ნებისმიერი მოქმედება, რომელიც შეიძლება გამომდინარეობდეს 78-ე მუხლიდან, თანხვედრაში უნდა იყოს სხვა პრინციპებთან, როგორიც არის დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპი, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და ა.შ.” - განმარტა გიორგი კახიანმა.

ევა გოცირიძემ კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკა მოითხოვა და იკითხა, 78-ე მუხლის მიხედვით, საქართველო გახდება თუ არა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, იცვლება თუ არა ამით ქვეყნის კონსტიტუციური წყობილება.

“ეს გასაგებია, მაგრამ არ არის ნაწილი… ასე უნდა გავიგოთ ხომ თქვენი პასუხი? არის თუ არა ნაწილი [78-ე მუხლი კონსტიტუციური წყობილების განუყოფელი ნაწილი]. ზოგადად, მშვიდობიანი თანაარსებობა არის განუყოფელი ნაწილი, მაგრამ ამ მშვიდობას რომელ ორგანიზაციაში დაამყარებთ, ამით შეიცვლება რამე? მაგალითად საქართველო გახდება თუ არა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, თუნდაც 78-ე მუხლით, ნატო-ს წევრი გახდება თუ არ გახდება, ამით საქართველოს კონსტიტუციური წყობილება იცვლება თუ არ იცვლება? ამას გეკითხებით, კონსტიტუციური წყობილების განუყოფელ ნაწილად მიგაჩნიათ თუ არ მიგაჩნიათ 78-ე მუხლი, ნაწილი რომ არის გასაგებია, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან კონსტიტუციის ტექსტი და კონსტიტუციური წყობილება. ბევრ ქვეყანაში გამიჯნულია, თქვენც მიჯნავთ თუ არა?” - მიმართა ევა გოცირიძემ გიორგი კახიანს.

ევა გოცირიძემ კიდევ უფრო მეტად დააკონკრეტა თავის კითხვა 78-ე მუხლთან დაკავშირებით.

გეკითხებით, გთხოვთ, რომ ნათლად გვითხრათ, ვიწრო მნიშვნელობით გაქვთ წარმოდგენილი თუ ფართო მნიშვნელობით? არის თუ არა 78-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ნაწილი თუ ამით არაფერი იცვლება, საქართველო რომელ ორგანიზაციაში გაერთიანდება” - კიდევ ერთხელ მიმართა გოცირიძემ კახიანს, რაზეც კახიანმა უპასუხა, რომ 78-ე მუხლი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას გულისხმობს.

“მე ვთვლი, რომ 78-ე მუხლი საგარეო მიმართულების არის და არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია”, - თქვა გიორგი კახიანმა.

მსგავსი სიახლეები