"ამაზე დიდი დამოკლეს მახვილი ივანიშვილის თავს არ დაკიდებულა" - გვარამია რუბიოს განცხადებაზე

21.05.25 22:10
"ამაზე დიდი დამოკლეს მახვილი ივანიშვილის თავს არ დაკიდებულა" - გვარამია რუბიოს განცხადებაზე

"ამაზე დიდი დამოკლეს მახვილი ივანიშვილის თავს არ დაკიდებულა" - ასე აფასებს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ გაჟღერებულ მწვავე გზავნილებს. 

მარკო რუბიოს მიერ "ქართული ოცნების" ხელისუფლების "ანტიამერიკულ მთავრობად" გამოცხადების ფონზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქართველ ოლიგარქს ქცევის ცვლილებისკენ მოუწოდებს, რადგან მისივე განმარტებით, თუ ივანიშვილი პოლიტიკას არ შეცვლის, მისი ბედი "განსხვავებულად გადაწყდება". 

პრინციპულად ახალი არაფერი ყოფილა, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მკაფიოდ, ღიად და ხაზგასმულად ოფიციალური პირის მიერ ანტიამერიკული მთავრობა ეწოდა. ამას რა მნიშვნელობა აქვს და როგორი განვითარება მოყვება ხოლმე, სხვამ თუ არავინ, ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის. აქედან მინდა მას მივმართო, რომ ამაზე უფრო საშიში ნიშანი ჯერ მის თავს არ დაკიდებულა, ამაზე დიდი დამოკლეს მახვილი მის თავს ჯერ არ დაკიდებულა. უნდა გაჩერდეს, რადგან საბოლოო გაფრთხილებების დროა, თუ არადა განსხვავებულად გადაწყდება მისი პერსონალური ბედი". - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას "ანტიამერიკული მთავრობა" უწოდა - მარკო რუბიომ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტზე გამოსვლის დროს, ჯო უილსონის კითხვის საპასუხოდ დაანონსა ისიც, რომ ამერიკა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ "ზომებს მიიღებს".    

მსგავსი სიახლეები