როგორ კითხულობს "ოცნება" მარკო რუბიოს გზავნილს

22.05.25 13:39
როგორ კითხულობს "ოცნება" მარკო რუბიოს გზავნილს

როგორ კითხულობს "ქართული ოცნება" მარკო რუბიოს გზავნილს?  - ივანიშვილის დეპუტატები ამტკიცებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ანტიამერიკულ ძალაში "ქართული ოცნება" არ უგულისხმია. 

მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ოლიგარქის გუნდის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს. 

ლადო ბოჟაძე ირწმუნება, რომ "სახელმწიფო დეპარტამენტამდე ინფორმაცია დამახინჯებულად" მიიტანეს:  

ეს პასუხი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით. ამერიკას ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია რეგიონთან, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. ამიტომაც მიმართა პრემიერმა ღია წერილით და შესაბამისი განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტმაც. იმის გამო, რომ თავად სახელმწიფო მდივანმა ბრძანა, რომ ისინი დამატებით ინფორმაციას მოიპოვებენ, დაინტერესდებიან ამ საკითხებით, ეს მისასალმებელია.

მე დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე არ არის მისული, ან დამახინჯებულად არის მისული სახელმწიფო დეპარტამენტამდე. სიმართლე გაირკვევა და უახლოეს პერიოდში მოგვეცემა საშუალება, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და დავუბრუნდეთ იმ ნიშნულს, რომელიც ჩვენ გვქონდა ბაიდენის ადმინისტრაციასთან". - განაცხადა ლადო ბოჟაძემ. 

ამავე პოზიციას იზიარებს ივანიშვილის კიდევ ერთი დეპუტატი, არჩილ გორდულაძე, რომელიც ამტკიცებს, რომ მარკო რუბიოს საკუთარ მოხსენებაში ანტიამერიკულ ძალად "ქართული ოცნება" არ უგულისხმია. 

მარკო რუბიომ თქვა ასეთი რამ, რომ თუ რომელიმე რეგიონში არსებობს ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგო ხელისუფლება, ჩვენ გავატარებთ შესაბამის ზომებს და ამისთვის დავეკითხებით ადგილობრივ ბიუროებსო. ეს იყო პროვოკაციულ კითხვაზე გაცემული პასუხი, რომელზედაც სხვანაირად დიპლომატი პასუხს ვერანაირად გასცემდა. ჩვენც ეგ გვინდა ზუსტად, რომ ჩვენს პარტნიორთან ურთიერთობებში არსებობდეს კონკრეტული გეგმა, გაიდლაინი, რომელსაც მივყვებით ერთობლივად და რომლის საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ურთიერთობების თვისობრივად განსხვავებულ ეტაპზე გადაყვანაში". - განაცხადა არჩილ გორდულაძემ. 

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას "ანტიამერიკული მთავრობა" უწოდა - მარკო რუბიომ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტზე გამოსვლის დროს, ჯო უილსონის კითხვის საპასუხოდ დაანონსა ისიც, რომ ამერიკა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ "ზომებს მიიღებს".      

მსგავსი სიახლეები