"ოცნების" ჩინოვნიკების მილიონიანი აპარტამენტები - ოპოზიცია სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს

25.05.25 15:51
"ოცნების" ჩინოვნიკების მილიონიანი აპარტამენტები - ოპოზიცია სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს

შაბათის ეთერის რეზონანსული რეპორტაჟი, რომელიც თბილისის ცენტრში გენერალური პროკურორის და სუსის ყოფილი შეფის მდიდრულ კომპლექსებს ეხება, ოპოზიციას კორუფციის ეჭვებს უჩენს. "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება სწორედ კორუფციაზე დგას. მისი თქმით, ოლიგარქი ძალაუფლების შენარჩუნებას ამ გზით ცდილობს. 

ივანიშვილმა ამ 13 წლის განმავლობაში ხელისუფლება და ძალაუფლება გამოიყენა იმისთვის, რომ შეექმნა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა მისთვის ძალაუფლებას და ამ ყველაფრის დაფინანსება მოხდებოდა ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტიდან კორუფციის და სახელმწიფოს გატყავების და ძარცვის გზით. სხვა შემთხვევაში, ვერანაირად ვერ აიხსნება, როგორ შეიძლება, ქვეყანაში არსებობდეს ათობით და ასობით მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირი, რომელთა ქონებასთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვები, მაგრამ არ არსებობს პასუხები არც საგამოძიებო უწყებებიდან, არც ანტიკორუფციული ბიუროდან, - ამბობს საბა ბუაძე. 

"ერთიანობა ნაცონალური მოძღაობის" ლიდერი ლევან სანიკიძე ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ძალაში შევა კანონი "დაუსაბუთებელი ქონების შესახებ", რომელიც უზრუნველყოფს, რომ ბიუჯეტში ნაძარცვი ფული დაბრუნდეს. 

საუბარია ორ დამნაშავე ადამიანზე, რომელსაც ძალიან დიდი როლი აქვს ნათამაშები ივანიშვილის რეჟიმის ფორმირებაში და ამ ქვეყანაში ადამიანების გაუბედურებაში. როდესაც შეიცვლება ხელისუფლება, გვექნება სამართლიანი სასამართლო და პროკურატურა, დაუსაბუთებელი ქონების შესახებ კანონი იქნება ძალაში შესული, ყველა ის ქონება, რომელიც ხალხისთვის ნაძარცვი ფულით, ნაყაჩაღარი ფულით აქვთ ამ ადამიანებს დაგროვილი, სამართლიანი კანონების დაცვით დაუბრუნდება ისევ სახელმწიფოს, - ამბობს ლევან სანიკიძე. 

 ივანიშვილის რეჟიმის კორუფციულ სისტემაზე საუბრობს "თავისუფლების მოედნის" თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძეც.

მათი მთავარი იდეოლოგია არის კორუფცია, ამიტომ ვიღაცეები რომ ძალიან მდიდრულ კორპუსებს იშენებენ, რაც სამწუხაროდ, სულ არ მიკვირს და ამიტომაც ვართ ამ ბრძოლაში, რომ ის დოვლათი, ის სიმდიდრე, რასაც ჩვენი ქვეყანა ქმნის და ბევრად მეტი შეუძლია, შექმნას, ეკუთვნოდეს ამ ქვეყნის ხალხს თანასწორად და არა რამდენიმე ადამიანს, - ამბობს ლევან ცუცქირიძე. 

"შაბათის ეთერმა" მიაგნო მილიონებად შეფასებულ რეზიდენციებს "მზიური რეზიდენსში", სადაც საქართველოს მთავარი პროკურორი, გიორგი გაბიტაშვილი და სუს-ის ექს შეფი, გრიგოლ ლილუაშვილი ცხოვრობენ