პრეზიდენტი ზურაბიშვილი გამარჯვებისთვის საჭირო სამ კომპონენტს ასახელებს - მიმართავს ჯარს, პოლიციას

26.05.25 22:13
პრეზიდენტი ზურაბიშვილი გამარჯვებისთვის საჭირო სამ კომპონენტს ასახელებს - მიმართავს ჯარს, პოლიციას

გამარჯვებისთვის საჭიროა ერთობა, პარტნიორების მხარდაჭერა, ალტერნატივა - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, 7-თვიანი უწყვეტი პროტესტის გამო საქართველო უკვე გამარჯვებულია. 

სალომე ზურაბიშვილმა განსაკუთრებული მადლობა სინდისის პატიმრების მშობლებს გადაუხადა და თქვა, რომ „არც ერთმა მშობელმა თავისი შვილის ღირსებაზე უარი არ თქვა". 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გამარჯვების ბოლომდე მისაყვანად საჭიროა 3 რამ:

  • საზოგადოების ერთობა;
  • საქართველოს პარტნიორების მხარდაჭერა და სანქციები;
  • პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა.

პირველი კომპონენტი:

საზოგადოების ერთიანობის ღერძი არის ის პროტესტი, რომელიც აქ, რუსთაველზე, ჯიუტად, ყოველ საღამოს დგას და დგას ბოლომდე. ეს პროტესტი არის, როგორც აისბერგის მწვერვალი - ყველას აერთიანებს.

არ შემიძლია, არ ვახსენო თეატრის მსახიობები, რომლებიც იყვნენ და არიან წინა პლანზე; სტუდენტები, მხატვრები, მწერლები, პოეტები, მუზეუმის თანამშრომლები, რომლებიც ძალიან ადრე გაიწვიეს, მუშები ჭიათურაში – მაღაროელები. ამ ქვეყანაში ყველა სფეროს წარმომადგენელი, რომელიც თუ ვერ დგას აქ, გულით აქ არის და როცა დრო დგება, ყველა აქ იკრიბება.

და ვისაც ეპარატავება პროტესტი და ამბობს, რომ რა ცოტანი არიან, იმათ ალბათ გუშინ და გუშინწინ საღამოს ნახეს შეკრებილი ახალგაზრდობა ლისის ტბაზე. ეს არის ის პროტესტი, რომელიც მზად არის, ნებისმიერ დროს, როგორც დიდი ტალღა, ისე აღიმართოს რუსთაველზე.

ამიტომ, ჩვენ ვიცით, რამდენნი ვართ, ჩვენ ვიცით, რომ ძლიერნი ვართ და ეს არის საზოგადოების უდიდესი ძალა.

მაგრამ ეს არ გვყოფნის"- განმარტა სალომე ზურაბიშვილმა. 

გამარჯვების მეორე კომპონენტი:

ჩვენი უცხოელი პარტნიორების, მეგობრების მხარდაჭერა. ჩვენ, აქ ვინც ვართ, ვიცით, ვინ არიან ჩვენი მეგობრები და პარტნიორები. დღეს ჩვენ მთელი დღეა, ვისმენთ მილოცვებს, რომლებიც არის მილოცვა ქართველი ხალხისადმი. ეს არ არის ჩვეულებრივი პროტოკოლური მილოცვები, რომელსაც მეც ვიღებდი პრეზიდენტობის პირველი მანდატის დროს. ეს არის მილოცვა თქვენდამი. მილოცვა იმ ხალხის გამბედაობას და გამძლეობის, მილოცვა და სურვილი, თქვენი გამარჯვება მალე მოვიდეს და ამის მხარდაჭერა და იმ დემოკრატიის და ევროპულობის იმედის მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორებისგან. მინდა, მათ თქვენი სახელით დიდი მადლობა გამოვუცხადო.

ის მუშაობა, რაც გავწიეთ ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივად – ყველამ მიაღწია იმას, რომ არჩევნების შედეგები ჩვენი მეგობრების მიერ აღიარებული არ არის. იზოლირებულია ეს ე.წ მთავრობა ჩვენი პარტნიორებისგან. ეს არის ერთი შედეგი. მეორე შედეგია სანქციები, რომელიც პირდაპირ ეხება იმ ადამიანებს, რომელთა პასუხისმგებლობაც არის ის სასტიკი ძალადობა, რომელიც ვიხილეთ. სანქცირებულები არიან ის ადამიანები, რომლებიც რუსეთს ხელს უწყობენ და ეთანამშრომლებიან. ეს არის ამ სანქციების დასაწყისი, ტალღა, რომელიც გაგრძელდება"- თქვა მან. 

მესამე კომპონენტი:

რომ შეიქმნას ისეთი პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც ის ისარგებლებს თქვენი ნდობით და ჩვენი პარტნიორების ნდობით. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვერც ერთი პარტია მარტო ვერაფერს ვერ მიაღწევს. ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ „ქართული ოცნების” ერთადერთი მიზანია, შემოიტანოს საზოგადოებაში დაყოფა. ეს არის ყველა დიქტატორული რეჟიმის ერთადერთი ხერხი: „დაყავი და იბატონე“ - ეს არ უნდა დავუშვათ!” - დასძინა პრეზიდენტმა. 

სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ქართულ ჯარს და პოლიციას.

არ შემიძლია, დღევანდელი დღე არ მივულოცო ქართულ ჯარს, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, სტკივა დღევანდელი საქართველოს ბედი, სტკივა სახელმწიფოებრიობის გაქრობა.

გაგიკვირდებათ და მინდა, ასევე მივულოცო ქართულ პოლიციას დღევანდელი დღე. რამეთუ მე დარწმუნებული ვარ, ისინი არ არიან კოლექტიური დგებუაძეები“ - დასძინა მან. 

ასევე ნახეთ: