რა ინფორმაცია აქვს ირაკლი კობახიძეს გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებაზე
რა ინფორმაცია აქვს ირაკლი კობახიძეს გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებაზე - ივანიშვილის პრემიერი ამბობს, რომ მან ბიზნესმენის დაკავების შესახებ "შეიძლება რაღაც მეტი იცოდეს", თუმცა დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას სუს-ი გაავრცელებს.
მან თქვა, რომ ვერ ისაუბრებს დეტალებზე - როგორ აღმოჩნდა ბაჩიაშვილი „მწვანე ზონაში“.
კობახიძეს "პირველებმა" ჰკითხა - გაცვალა თუ არა "ოცნებამ" ბაჩიაშვილი პოლილიკაშვილის კანდიდატურაში, რა ვერსიაც დღეს არაერთ წრეში გავრცელდა, რაზეც ივანიშვილის პრემიერი ამბობს, რომ "ეს მრავალმხრივ შეურაცხმყოფელი ვერსიაა".
არასწორია ასეთი ვერსიების გავრცელება, თუმცა ჩვენ ვიცით ასეთ ვერსიებს ვინ ავრცელებს და მათ არანაირი ზღვარი აქვთ, როცა საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესებს. რაც შეეხება პოლოლიკაშვილს, მე განვმარტე, რა იყო მისი კანდიდატურის მოხსნის მიზეზი და ამას სხვა რამესთან არ ჰქონია შემხებლობა. მიზეზი იყო ის, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს. რა შუაშია რაიმე სხვა დეტალი. ბევრად უფრო ადრე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, ვიდრე გადაწყვეტილება სხვა საკითხებთან დაკავშირებით , - ამბობს კობახიძე.
კობახიძე ირწმუნება, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის დაკავების ოპერაცია "წარმატებით, სათანადოდ ჩატარდა", რის გამოც ის ოხანაშვილის უწყებას მადლობას უხდის.
გიორგი ბაჩიაშვილის საკითხზე დეტალებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავად გაავრცელებს ინფორმაციას. ეს არის მათი ფუნქცია, მათი პასუხისმგებლობა. მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, იმისათვის, რომ ეს ოპერაცია წარმატებით, სათანადოდ ჩატარდა. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა, სამართლის და კანონის აღსრულება. სამართალდამცავი ორგანოები არიან ამაზე პასუხისმგებლები. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საჭიროების შესახებ მოგაწვდით ამის შესახებ ინფორმაციას. მე შეიძლება რაღაც მეტი ვიცოდე, მაგრამ დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციაა ამიტომ, ეს კითხვები უნდა იყოს მიმართული უსაფრთხოების სამსახურისკენ“, - განაცხადა კობახიძემ.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველი, გიორგი ბაჩიაშვილი დღეს დააკავეს - ინფორმაციას ამის შესახებ დილით სუსმა გაავრცელა.
- შეგახსენებთ, რომ 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
- ბაჩიაშვილს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი. ე.წ. მტკვარი ჰესისა და საზღვრის უკანო კვეთაზე.