გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს

27.05.25 09:02
გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველი გიორგი ბაჩიაშვილი დაკავებულია - ინფორმაციას ამის შესახებ სუსი ავრცელებს. 

უწყების განცხადებით, ოლიგარქის მილიონების  ყოფილი მმართველი, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება მთელს  მსოფლიოში ეძებდა, საქართველოდან რამდენიმე კილომეტრში, წითელ  ხიდსა და სადახლოს შორის არსებულ - ე.წ. მწვანე ზონაში სეირნობდა. 

ანრი ოხანაშვილის უწყებაში ირწმუნებიან, რომ საქართველოდან  სამი  თვის  წინ გაქცეულ ბიზნესმენის გადადგილების შესახებ სუს-ში ანონიმური შეტყობინება შევიდა. 

ამ დრომდე პასუხგაუცემელია კითხვა, როგორ აღმოჩნდა ე.წ. მწვანე ზონაში ბაჩიაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი.

გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ზემოაღნიშნული პირი დაკავებულ იქნა.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებს გაწეული დახმარებისთვის, - ნათქვამია გაცხადებაში. 

განახლება: გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში „იძულებით დააბრუნეს" და მას წამების საფრთხე ემუქრება. 

  • შეგახსენებთ, რომ 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 
  • ბაჩიაშვილს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი. ე.წ. მტკვარი ჰესისა და საზღვრის უკანო კვეთაზე.

მსგავსი სიახლეები