ივანიშვილი ამბობს, რომ ფონიჭალაში აფეთქებით დაზარალებულ 28 ოჯახს ბინას უყიდის

20.11.26 19:45
ივანიშვილი ამბობს, რომ ფონიჭალაში აფეთქებით დაზარალებულ 28 ოჯახს ბინას უყიდის

ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინა ხვედელიძე ფონიჭალაში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურებიან - "ქართული ოცნების" Facebook გვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, ივანიშვილები დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენენ. 

ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ტკივილს. მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე, რის გამოც მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს. ეს არის ის მცირედი დახმარება, რაც გვსურს გამოვხატოთ უდიდესი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს"- წერია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სახელით გავრცელებულ განცხადებაში. 

ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებში მოყოლილი 7 ადამიანიდან მხოლოდ 3 წლის თაია გადარჩა. დაღუპულთაგან 3 ქალია, 1 კაცი და 2 ბავშვი. 

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

მსგავსი სიახლეები