რა ვიცით შინაგან საქმეთა ახალ მინისტრზე - ვინ არის გელა გელაძე?

28.05.25 11:32
რა ვიცით შინაგან საქმეთა ახალ მინისტრზე - ვინ არის გელა გელაძე?

 

 

რა ვიცით შინაგან საქმეთა ახალ მინისტრზე? - გელა გელაძე ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე კი, ის ჯერ განათლების მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

გელაძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვახტანგ გომელაურის შემცვლელად ირაკლი კობახიძემ წარადგინა. 

გელა გელაძეს ძალოვან უწყებებში წინა ხელისუფლების ყოფნის დროსაც იკავებდა თანამდებებს.

  • 2004-2005 წლებში გელა გელაძე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის – სოდის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად მუშაობდა.
  • 2023 - 2024 - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
  • 2018 - 2023 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი;
  • 2016-2018 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, სამმართველოს უფროსი;
  • 2012-2016 - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე;
  • 2010-2012 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე;
  • 2008-2010 - შპს "ელიზი ჯგუფის" დირექტორი;
  • 2007-2008 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია - მრჩეველი;
  • 2007 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის დეპარტამენტი - მრჩეველი;
  • 2005-2006 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე;
  • 2005 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ზედამხედველი;
  • 2005 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი;
  • 2004-2005 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი;
  • 2004 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის საგამოძიებო სამსახური გამომძიებელი;
  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გენერალური ინსპექციის მრჩეველი;
  • 2001-2004 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის თანაშემწე საზოგადოებრივ საწყისებზე;
  • 1999-2001 - საქართველოს პროკურატურა - სტაჟიორი.

გელა გელაძე საზოგადოებამ მანდატურის სამსახურის უფროსის თანამებობაზე მუშაობის დროს გაიცნო. 

"ქურდებს სიცოცხლე" - მსგავსი შინაარსის წარწერა დაახვედრეს  2021 წლის 19 მაისს თბილისის 51-ე სკოლის მოსწავლეებმა მანდატურის სამსახურის მაშინდელ უფროსს. 

"Жизнь ворам" - ეწერა ერთ-ერთი კლასის დაფაზე, მაშინ, როცა გელაძე სკოლაში არსებულ მდგომარეობას ეცნობოდა. 

რა ქონებას ფლობს ახალი შს მინისტრი:

გელაძეს უკანასკნელი ქონებრივი დეკლარაცია 2024 წელს აქვს შევსებული, რომელიც 2023 წელს მიღებულ შემოსავლებს და გაწეულ ხარჯებს ასახავს.

დეკლარაციის თანახმად, გელაძის მეუღლე ნათია ელიზბარაშვილი, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე 175 კვადრატული მეტრის ბინას ფლობს.

ნათია ელიზბარაშვილის სახელზეა გაფორმებული 814 კვადრატული მეტრის ნაკვეთი კოჯორში, 168 კვადრატული მეტრის ბინა ოქროყანაში (ინოვაციების ქუჩაზე), 234 კვადრატული მეტრის კომერციული ფართი ჭავჭავაძის გამზირზე, ასევე 61 კვადრატული მეტრის ბინა ბაკურიანში, 94 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი კოჯორში და რამდენიმე ავტოფარეხი, მათ შორის ჭავჭავაძის გამზირზეც. გელა გელაძე კი ფლობს 1,468 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს ბეთანიაში და 7,350 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს ახმეტაში.

მსუბუქი ავტომობილებიდან ნათია ელიზბარაშვილი ფლობს 2024 წელს 105 ათას ევროდ ნაყიდ მერსედესს (მოდელი დაკონკრეტებული არაა), გელა გელაძეს კი ეკუთვნის 70,000 დოლარად 2013 წელს შეძენილი Toyota L200.

გელა გელაძეს საბანკო ანაბარზე განთავსებული აქვს 146 ათასი დოლარი, მის მეუღლეს კი 23,625 დოლარის საბანკო დანაზოგი.

გელა გელაძემ 2023 წელს განათლების მინისტრის მოადგილის პოსტზე 53,628 ლარის ხელფასი მიიღო, ხოლო მანდატურის სამსახურის უფროსის პოსტზე კი 10,932 ლარი.

გელა გელაძემ ბრიტანეთში შვილის უმაღლესი განათლების საფასურში 33,519 გირვანქა სტერლინგი გადაიხადა, ასევე 7-7 ათასი ევრო შვილების კერძო სკოლაში სწავლისთვის.

  • ქონების შესახებ ინფორმაცია bm.ge-მ შეკრიბა

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. გომელაურის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.