ვის ებრძვის, საკუთარ მოქალაქეებს? ახალგაზრდებს? ბრძოლა თუ უნდოდა, საოკუპაციო ხაზთან ჩასულიყო - შაიშმელაშვილი გომელაურის განცხადებაზე
ვის ებრძვის, საკუთარ მოქალაქეებს? ახალგაზრდებს? ბრძოლა თუ უნდოდა, საოკუპაციო ხაზთან ჩასულიყო და მოეკითხა, რა მდგომარეობაა იქ, - ასე პასუხობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი ვახტანგ გომელაურის განცხადებას.
ამასთან, ირაკლი შაიშმელაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში საუბრის დროს ვახო გომელაურის მიერ პოსტის დატოვებაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე სხვა ნებისმიერი ადამიანის დანიშვნით რეფორმები მაინც არ გატარდება.
გომელაური გადადგა და გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ახსენა, რომ რუსთველზე ბრძოლები გადავიტანეთო. ადამიანს, რომელიც 10 წელი მართავდა ძალიან საპასუხისმგებლო სამინისტროებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმდენი შეგნება, აზროვნება და სახელმწიფოებრივი მიდგომა არ გააჩნია, რომ სწორად შეაფასოს მიმდინარე საპროტესტო აქციები და შეადარა ბრძოლებს. ან ვის ებრძვის, საკუთარ მოქალაქეებს ებრძვის?.
შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია უზრუნველყოს უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა და არა ბრძოლები. თუ გომელაურს ბრძოლები უნდოდა და ამისი ნება ჰქონდა, საოკუპაციო ხაზთან ჩასულიყო ბოლო 2 წლის განმავლობაში და მოეკითხა რა მდგომარეობაა. ან მის მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზთან რომ კლავენ, აეღო იარაღი და წასულიყო. ანუ, ვის ებრძვის, ახალგაზრდებს?, ჩვენი შვილების თაობას ებრძოდა და ამით იამაყა, ამით შეაფასა.
ესენი არიან დაბალი შეგნების ადამიანები, რომლებსაც არანაირი სახელმწიფოებრივი აზროვნება არ გააჩნიათ. გომელაურის წასვლით და ნებისმიერი სხვა პიროვნების მოსვლით სამინისტროში არანაირი რეფორმა არ გატარდება". - ამბობს ირაკლი შაიშმელაშვილი.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. გომელაურის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
- "ასეთი ბრძოლები არ გვქონია რუსთაველზე 90-იანი წლების შემდეგ, რაც გადავიტანეთ" - ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა შსს-ს თანამშრომლებთან შეხვედრაზე განაცხადა.