ივანიშვილი პასუხისმგებლობას გაურბის - რა ამოიკითხა ოლიგარქის წერილში ოპოზიციამ
ივანიშვილის უარი დანიგანს და დანიგანის უარი კობახიძეს - ჩაშლილი შეხვედრების შესახებ გუშინ გავრცელებული ორი წერილი პოლიტიკური განხილვის მთავარი თემაა.
- ბიძინა ივანიშვილი ამერიკის საელჩოს პასუხობს
- ივანიშვილმა უარი თქვა დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა - ამერიკის საელჩო
"ქართული ოცნების" ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარის თქმისა და ელჩთან აუდიენციაზე ირაკლი კობახიძის გაგზავნის შეთავაზების უკან ოლიგარქის ინტერესია.
ივანიშვილს პასუხისმგებლობის თავიდან არიდება უნდა - ამბობს ოპოზიცია.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ბიძინა ივანიშვილთან საუბარს განიზრახავს, მაგრამ არ აპირებს და კატეგორიულად უარს ამბობს, რომ ესაუბროს ე.წ. პრემიერ-მინისტრს. ერთი მხრივ, ეს არის ლეგიტიმაციის არაღიარება. მეორე მხრივ, ეს არის იმისკენ მინიშნება, რომ რეალურად ამერიკა კარგად ხედავს, რომ ყველა გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი და პასუხისმგებლობის არიდება სინამდვილეში იმის გამოხატულებაა, რომ ივანიშვილს არ სურს ურთიერთობების სტაბილიზება დასავლეთთან" - განაცხადა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ.
პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, კახა ქემოკლიძე ყურადღებას ელჩის გზავნილზე ამახვილებს და ამბობს, რომ აშშ კარგად ხედავს, რომ საქართველოში ყველა გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს, ამიტომ "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებს აღარავინ ხვდება.
ფაქტობრივად, ამ პლანეტაზე არ დარჩა არცერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი, პარტნიორებს ვგულისხმობ, რომელსაც სჯერა, რომ ვინმე იღებს გადაწყვეტილებებს ივანიშვილის დალოცვის გარეშე შიდა თუ საგარეო პოლიტიკურ კონტექსტში. ამიტომ, მგონია, რომ ეს თეზა უკვე მკვდარია და ვეღარ იარსებებს. ყველამ იცის, რეალურად როგორ მიიღება გადაწყვეტილება აქ, რა არის ვერტიკალი. აქედან გამომდინარეობს, რომ შტატების ელჩი დე ფაქტო კობახიძეს არ ხვდება". - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით კი ბიძინა ივანიშვილი სამ ცეცხლს შუა ტრიალებს. მისივე განმარტებით, ოლიგარქს ამერიკასთან დაძაბული ურთიერთობა აღელვებს, პარალელურად, საკუთარი ქონების გადარჩენას ცდილობს და ამასთან, რუსეთის ინტერესების გატარებით არის დაკავებული.
ვერავის მოატყუებს, რომ ეს ადამიანი პირადად არის პასუხისმგებელი იმ უმძიმეს ღრმა კრიზისზე, რაც დღეს ქვეყანაშია. მას ძალიან აღელვებს ამერიკასთან ურთიერთობები, კიდევ უფრო აღელვებს თავისი ფული, რუსეთის ინტერესების გატარება და არის სამ ცეცხლ შუა. თუ შენი ქვეყანა გიყვარს და საშუალება გაქვს, რომ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობები დაალაგო, როგორ შეიძლება შეხვედრაზე თქვა უარი". - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.