ელჩის უარი კობახიძეს - რას ამბობენ "ქართულ ოცნებაში"
ოლიგარქის უარი აშშ-ს - ბიძინა ივანიშვილის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრაზე უარის თქმას "ქართულ ოცნებაში" აფასებენ.
ოლიგარქის გუნდში ამტკიცებენ, რომ იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილი ამერიკის მხრიდან დასანქცირებულია, რობინ დანიგანთან აუდიენციის გამართვა "უხერხული" იქნებოდა.
ამავე პოზიციას იზიარებენ "ქართული ოცნების" დეპუტატები. ირაკლი ზარქუა და გიორგი კახიანი ირწმუნებიან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბიძინა ივანიშვილს "აშანტაჟებს".
როგორც ოლიგარქის გუნდის წევრები ამბობენ, თუ ამერიკას საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს, ელჩს შეუძლია, ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად, ირაკლი კობახიძეს, ან მაკა ბოჭორიშვილს შეხვდეს და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილები სწორედ მათ გადასცეს.
ადამიანს, რომელსაც აშანტაჟებდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში და არ გატყდა, არ გაცვალა პირადი კეთილდღეობა სახელმწიფო ინტერესებში. დღემდე ასე არის. სანქციების ქვეშ არის და თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ მოცემულობაში შეიძლება შეხვდე და ელაპარაკო? არა. თუ ვინმეს უნდა ურთიერთობების გადატვირთვა, მითუმეტეს საელჩოს, აგერ არის პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა სამინისტრო. რატომ ცდილობენ, რომ ყველაფერი გაართულონ. ისედაც უკვე გართულებულია. წინა ადმინისტრაციამ ყველაფერი გააფუჭა." - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
არის სრული მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ. აღვადგინოთ ურთიერთობები და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. ამისთვის სახელმწიფოს ჰყავს პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩვენ ასეთი შეხვედრებისთვის ყოველთვის მზად ვართ. მაგრამ როდესაც შეიძლება შეხვედრა შანტაჟის ფონზე მიმდინარეობს, ასეთ შემთხვევაში გასაგებად ახსნა ბატონმა ბიძინამ, რა შეიძლება ყოფილიყო ამ შეხვედრაზე უარის თქმის მიზეზი". - განაცხადა გიორგი კახიანმა.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა. დიპლომატიური უწყების ცნობით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს „ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“.
განცხადების თანახმად, სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა. ამერიკის საელჩოს ამ განცხადებას ბიძინა ივანიშვილი საგანგებო წერილით გამოეხმაურა. ოლიგარქი ადასტურებს, რომ 22 მაისს ელჩ დანიგანს უნდა შეხვედროდა, თუმცა დიპლომატს აუდიენციაზე უარი უთხრა.
ვრცელ წერილში ივანიშვილი უარის მიზზად ისევ "პირად შანტაჟს" და კომპლექსებს ასახელებს. ოლიგარქი აშშ-ის მიერ დაწესებულ როგორც "ფორმალურ, ასევე არაფორმალური სანქციებზეც" წერს.