ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება, ყველა მოძალადე დაისჯება - "გახარია საქართველოსთვის"

30.05.25 20:58
ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება, ყველა მოძალადე დაისჯება - "გახარია საქართველოსთვის"

"მურუსიძის სასამართლომ დღეს 19 წლის გოგოებს პოლიტიკური მოტივით პატიმრობა შეუფარდა" - ასე ეხმაურება პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიკა ლორთქიფანიძის და თათია აფრიამაშვილის 12 დღით ციხეში გამოკეტვას. 

პარტიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ "ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად გათავისუფლდება და ყველა მოძალადე და კორუფციონერი დაისჯება". 

მურუსიძის სასამართლომ დღეს ორ ახალგაზრდა, 19 წლის გოგოს პოლიტიკური მოტივით პატიმრობა შეუფარდა. 

ეს ხდება ქვეყანაში, სადაც არც ერთი ნიღბიანი მოძალადე არ დასჯილა - მოძალადეები, რომლებიც წაქცეულ და დაკავებულ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სასტიკად სცემდნენ; ქვეყანაში, სადაც კორუფციული დანაშაული იქცა ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთ მთავარ იარაღად; სადაც ადამიანები შიმშილობენ და ნარკოტიკები ოჯახებს ანადგურებს; უსამართლობის, უთანასწორობისა და უიმედობის გამო ქვეყანას ჩვენი მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ.

ეს არის “ოცნების” დაპირებული სამართლიანობა და მშვიდობა. 

უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად გათავისუფლდება და უკლებლივ ყველა მოძალადე და კორუფციონერი დაისჯება. ვერავინ შეძლებს პერსონალური პასუხისმგებლიბისგან დამალვას!" - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა მიიღო.

ასევე, აქტივისტი თათია აფრიამაშვილი მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 12 დღიან პატიმრობაში გაუშვა.

შეგახსენებთ, რომ საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ და ივანიშვილის პარტიის პრორუსული პოლიტიკა შეძახილებით გააპროტესტეს.

"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს",  "ძირს რუსული რეჟიმი" - სკანდირებდნენ აქტივისტები.

მსგავსი სიახლეები