განხორციელდა "კრიმინალური ჯაჭვი", რომელშიც შსს, სასამართლო და პროკურატურა იყო ჩართული - კონდახაშვილი მელიას დაკავებაზე
"ორი დღის განმავლობაში განხორციელდა ე.წ. კრიმინალური ჯაჭვი, რომელშიც ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასამართლო, პროკურატურა" - ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადმინისტრაციული წესით დაკავებასთან დაკავშირებით საუბრის დროს განაცხადა.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის უფლებადამცველის შეფასებით, მიმდინარე პროცესები - 29 მაისს სასამართლო სხდომის გადადება და ერთი დღით ადრე ნიკა მელიასთვის ხელბორკილების დადება, წინასწარ განსაზღვრული და დაგეგმილი იყო.
ამასთან, როგორც გიორგი კონდახაშვილი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, ამ დრომდე არ გადასცემიათ ადვოკატებს დოკუმენტი, სადაც განმარტებული იქნებოდა ყველა ის მიზეზი, რის გამოც ნიკა მელია წინსწრებით დააპატიმრეს.
ორი დღის განმავლობაში განხორციელდა ე.წ. კრიმინალური ჯაჭვი, რომელშიც ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასამართლო, პროკურატურა. ჯერ კიდევ ეს დაიწყო და ხელის გულზე იყო გუშინდელი დღიდან. მოგონილი მიზეზით პროკურორები არ გამოცხადდნენ სასამართლოში, პროცესი გადაიდო, მოსამართლეს ჰქონდა წინასწარ მითითება, რომ დღეს, ამ დროს უნდა ყოფილიყო პროცესი. გუშინ ღამით მოხდა ნიკა მელიას გატაცება. დღეის გადმოსახედიდან შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს ყველაფერი იყო დაგეგმილი, პროცესი ხელოვნურად გადაიდო, დაიგეგმა ნიკას კრიმინალური დაკავება, მიეცა მითითება შშს-ს, მოაწყვეს ჩასაფრება და დღემდე ადვოკატებს არც დოკუმენტი გადმოგვეცა, რისი გულისთვის დააკავეს წინსწრებით ნიკა მელია. არც ოქმი გვინახავს." - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ნიკა მელია წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. საქმე არსებით განხილვაზე გადადის. შემდეგი სასამართლო სხდომა ირაკლი შვანგირაძემ 12 ივნისს ჩანიშნა.
იქამდე, ვიდრე გისოსებს მიღმა ნიკა მელიას გამოამწყვდევდნენ, ხელბორკილები მის თანაგუნდელს, ზურაბ ჯაფარიძეს დაადეს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს რეჟიმი ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს არგადახდას ედავება.