ხიდაშელი: სუს-ის ვერსია ზღაპარია... ბაჩიაშვილს უკანონოდ, ყაჩაღურად მოექცნენ
გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების სულისკვეთებას "სამოქალაქო იდეის" დამფუძნებელი, თინა ხიდაშელი არ იზიარებს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ ანრი ოხანაშვილის უწყების ვერსია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ე.წ. მწვანე ზონაში აიყვანეს, "ზღაპარია" და "სასაცილოდ გამოიყურება".
თინა ხიდაშელის განცხადებით, ბრალდებულის ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში ჩამოყვანის ორი სამართლებრივი გზა - ექსტრადიცია და დეპორტაცია არსებობს, შესაბამისად, ხიდაშელის განმარტებით, იქამდე, ვიდრე სასამართლო, პროკურატურა ან რომელიმე შესაბამისი უწყება მტკიცებულებებზე დაფუძნებულ არგუმენტაციას არ გააჟღერებს, ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველის დაპატიმრების საქმე გატაცების კვალიფიკაციას იქონიებს.
სუს-ის ვერსია სასაცილოდ გამოიყურებოდა. დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ვერსია იყო ზღაპარი. იმისთვის, რომ ადამიანი ა ქვეყნიდან ბ ქვეყანაში გადაიყვანო, არსებობს ორი გზა - კანონიერი, სამართლებრივი, სახელმწიფოსთვის შესაფერისი ორი გზა. ეს არის ექსტრადიცია და დეპორტაცია. ამ წუთის მდგომარეობით არც სუს-ისგან, არც პროკურატურისგან არ მოგვისმენია და არ გვინახავს დოკუმენტი ექსტრადიციის და დეპორტაციის საქმეზე. მანამ, სანამ დამაჯერებელი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული არგუმენტი არ გაჩნდება, რომ ბაჩიაშვილი ამ ორი გზიდან ერთ-ერთის მიხედვით აღმოჩნდა საქართველოში, მანამდე ეს არის მისი მოტაცების საქმე, რაც არის უკანონო და ყაჩაღური მოქმედება სახელმწიფოს მხრიდან. მთავარი კითხვა, რაც მრჩება არის ის, თუ ვინ იყო შემსრულებელი. ვინმე ზარქუა ჩავიდა, მოიტაცა, ჩასვა აირზენას თვითმფრინავში, თუ ეს მოხდა სამართალდამცავების თანამშრომლობით". - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის 27 მაისს დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ სუს-მა გაავრცელა. ანრი ოხანაშვილის უწყება ამტკიცებს, რომ ოლიგარქის მილიონების ყოფილი მმართველი, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება მთელს მსოფლიოში ეძებდა, საქართველოდან რამდენიმე კილომეტრში, წითელ ხიდსა და სადახლოს შორის არსებულ ე.წ. მწვანე ზონაში სეირნობდა.
გიორგი ბაჩიაშვილმა დუმილი სასამართლო პროცესზე დაარღვია. მან სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს და საქართველოში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს.