ივანიშვილმა საქართველოს რეალობა მძაფრსიუტეჟიან სერიალს დაამსგავსა - გორგი სიორიძე
ივანიშვილმა საქართველოს რეალობა მძაფრსიუტეჟიან სერიალს დაამსგავსა, - ასე აფასებს გიორგი ბაჩიაშვილის გატაცებას კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი გიორგი სიორიძე. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ოლიგარქი საკუთარი ინტერესებისთვის მზადაა, ქვეყნის რეპუტაციაც კი გასწიროს.
ივანიშვილმა საქართველოს რეალობა დაამსგავსა მძაფრსიუჟეტიან, ჯაშუშურ სერიალს, რომელიც გვინახავს, იმიტომ, რომ ასეთი ამბები ხდება მხოლოდ სერიალებში, კინოფილმებში და ისტორიას ახსოვს ალბათ რამდენიმე. ივანიშვილისთვის ეს არის პირადი მნიშვნელობის და მისი ქონების საკითხი, ამიტომაც ის მზადაა, რომ გასწიროს საქართველოს ბევრი ინტერესი, სახელმწიფოებრივი რეპუტაცია, - ამბობს სიორიძე.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის 27 მაისს დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ სუს-მა გაავრცელა. ანრი ოხანაშვილის უწყება ამტკიცებს, რომ ოლიგარქის მილიონების ყოფილი მმართველი, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება მთელს მსოფლიოში ეძებდა, საქართველოდან რამდენიმე კილომეტრში, წითელ ხიდსა და სადახლოს შორის არსებულ ე.წ. მწვანე ზონაში სეირნობდა.
გიორგი ბაჩიაშვილმა დუმილი სასამართლო პროცესზე დაარღვია. მან სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს და საქართველოში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს.