რატომ არ იწყება გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების საქმეზე გამოძიება - რას ამბობენ "ოცნებაში"
რატომ არ იწყება გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების საქმეზე გამოძიება - "ქართული ოცნების" დეპუტატები ამტკიცებენ, რომ ოლიგარქის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველის ქვეყანაში დაბრუნება კანონიერად მოხდა. ნინო წილოსანის მტკიცებით, ბაჩიაშვილი კანონდამრღვევია და შესაბამისად, მისი საქართველოშ ჩამოყვანა ძალოვანი უწყებების პრეროგატივა იყო.
ამ ადამიანს სპეციალური საგამოძიებო უწყებები რომ დააბრუნებენ ქვეყანაში იმისთვის, რომ კანონი აღსრულდეს, ამაზე საპასუხო კითხვებისთვის პასუხების გაცემა ნამდვილად არ მსურს. როდესაც კანონდამრღვევი ადამიანი ტოვებს ქვეყანას და მასზე არის გამოცხადებული ძებნა, რა თქმა უნდა, ყველა სამართალდამცავი უწყების ხელთ არსებული საშუალებები, მათ შორის, სხვა ქვეყნის უწყებებთან თანამშრომლობა იქნება ეს თუ ნებისმიერი საშუალება, რომელიც ბრალდებულს დააბრუნებს მართლმსაჯულების ჩარჩოში, არის კანინიერი, - ამბობს ნინო წილოსანი.
სუსის ვერსიას, რომ ბაჩიაშვილი ეწ. მწვანე ზონაში სეირნობდა, როდესაც მისი დაკავება მოხდა, სრულად იზიარებს ივანიშვილის კიდევ ერთი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე.
ვენდობი, რა თქმა უნდა. ჩემთის არის 1000 ადამიანი პატიმრობაში, მე არ ვიცი რა სჭირთ, სულყველა ერთია. მთავარია, სასამართლო იყოს სამართლიანი, - ამბობს პაატა კვიჟინაძე.
"პირველების" კითხვაზე პასუხების გაცემა "ქართული ოცნების" წევრების ნაწილმა არ ისურვა.
თქვენზე გაბრაზებული ვარ, - ამბობს ლადო კახაძე.
არ ვთანამშრომლობ თქვენთან, - ამბობს გივი მიქანაძე.
არ გეწერებით, - ამბობს მათიკაშვილი.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის 27 მაისს დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ სუს-მა გაავრცელა. ანრი ოხანაშვილის უწყება ამტკიცებს, რომ ოლიგარქის მილიონების ყოფილი მმართველი, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება მთელს მსოფლიოში ეძებდა, საქართველოდან რამდენიმე კილომეტრში, წითელ ხიდსა და სადახლოს შორის არსებულ ე.წ. მწვანე ზონაში სეირნობდა.
გიორგი ბაჩიაშვილმა დუმილი სასამართლო პროცესზე დაარღვია. მან სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს და საქართველოში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს.