საამიროების უარი რეზოლუციაზე - გაცვალა თუ არა ივანიშვილმა ეროვნული ინტერესები ბაჩიაშვილზე? (შეფასებები)
საამიროების უარი რეზოლუციაზე - გაცვალა თუ არა ივანიშვილმა ეროვნული ინტერესები ბაჩიაშვილზე? - მსგავს შეფასებას ოპოზიცია მას შემდეგ აკეთებს, რაც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა არ მისცა.
"ძლიერი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე პირდაპირ ამბობს, რომ " "ქართული ოცნებისთვის" მნიშვნელოვანია არა სახელმწიფო ინტერესი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პერსონალური ინტერესი":
ზურაბ პოოლიკაშვილთან დაკავშირებით მიღებულმა ანტისახელმწიფოებრივმა და სამარცხვინო გადაწყვეტილებამ აჩვენა კიდევ ერთხელ ის, რომ "ქართული ოცნებისთვის" მნიშვნელოვანია არა სახელმწიფო ინტერესი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პერსონალური ინტერესი და დღის წესრიგი და იმ ფაქტმა, რომ გაეროში საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას არ აქვს გაერთიანებული საემიროების მხარდაჭერა, მხოლოდ და მხოლოდ გაამყარა "ქართული ოცნების" ეს სამარცხვინო სახე, სადაც ემირატების მხარდაჭერის გარეშე მოხდა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეზოლუციის მიღება, რაც ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის უკან გამოთხოვა მოხდა არა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ რაღაც სხვა ტიპის გარიგების საფუძველზე. აბსოლუტურად ლოგიკურია იმ კითხვის დასმა, რომ ხომ არ მოხდა მისი კანდიდატურის ბაჩიაშვილის საქართველოში ამ ფორმით, განგსტერული ჩამოყვანისთვის გაცვლა, - ამბობს საბა ბუაძე.
თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ "ქართულ ოცნებაის" წარმომადგენლებს გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ემირატებთან სიტყვა არ დაუძრავთ.
ხიდაშელის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილის პარტიამ არაბთა გაერთიანებული საამიროების სასარგებლოდ გაეროში ტურიზმის ორგანიზაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა არ წარადგინა, მარტივად შეეძლო, საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე მხარდაჭერა მოეთხოვა.
ხიდაშელი ფიქრობს, რომ ემირატებთან მიმართებით "ოცნების" მთავარი საკითხი გიორგი ბაჩიაშვილის თემა იყო.
არც ბელორუსმა, არც ცენტრალური აზიის არცერთმა ქვეყანამ სადაც რამდენჯერმე ჩავიდა კობახიძე არჩევნების შემდეგ, არც არაბული სამყაროს არცერთმა ქვეყანამ, სადაც ასევე რამდენჯერმე ჩავიდა კობახიძე, არც ინდოეთში მაკა ბოჭორიშვილის მიერ ხელჩამორთმეულმა აფრიკელი ლიდერებიდან, არცერთმა მხარი არ დაუჭირა გაეროს რეზოლუციას. არ გამკვირვებია, რომ ჩინეთმა არ მისცა ხმა, იმიტომ, რომ ეს უკვე პრაქტიკაა, არც სტრატეგიული შეთანხმების გაფორმების წელს და არც იმის შემდეგ მათ საქართველოსთვის ხმა არ მიუციათ, არც მაქვს მოლოდინი, რომ ეს მოხდება, იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, ისინი თავიდან ბოლომდე რუსეთის მხარდამჭერებად დარჩებიან ამ პროცესში. მაგრამ, განსაკუთრებით გამაოგნებელი იყო ემირატების თემა, იმიტომ, რომ ამხელა თანამდებობა გაიცვალა, პოლოლიკაშვილის თანამდებობას ვგულისხმობ, არაფერს ვამბობ ბაჩიაშვილის სკანდალზე, ამხელა გაეროს სისტემის თანამდებობდა გაიცვალა ემირატებთან და ისიც კი არ ითხოვა „ქართულმა ოცნებამ“, საერთოდ დაავიწყდათ, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ასეთ დროს ეს ავტომატურად ხდება, ერთი სიტყვა საკმარისია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები იცვლება ხოლმე. როგორც ჩანს, საერთოდ არ გაახსენდათ, რომ რეზოლუციაზე კენჭისყრის დროს ემირატების ხმა მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი სიტყვა „ქართული ოცნების“ მხრიდან გაეროს რეზოლუციასთან დაკავშირებით ემირატების ხელისუფლებასთან არ ყოფილა განხილული, არც კობახიძის ვიზიტის დროს იქ არჩევნების შემდეგ როდესაც ჩავიდა და არც შემდეგ, როდესაც უკვე პოლოლიკაშვილის თანამდებობდა გაიცვალა ემირატებთან. კონკრეტულად ემირატების შემთხვევაში, როგორც ჩანს, ბაჩიაშვილის თემა იყო ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი, - ამბობს თინა ხიდაშელი.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 79-ე სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სახლებში დაბრუნების უფლების მხარდაჭერას.
კენჭისყრა 3 ივნისს გაიმართა.
რეზოლუციას „იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო“, მხარი 107 ქვეყანამ დაუჭირა, 9 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 49-მა თავი შეიკავა.
- აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა არ მისცა და დოკუმენტის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა.