აგვისტოს ომის საკითხზე მოსკოვი "ოცნებას" ციტირებს - ივანიშვილის პარტიაში პრობლემას ვერ ხედავენ

06.06.25 16:01
აგვისტოს ომის საკითხზე მოსკოვი "ოცნებას" ციტირებს - ივანიშვილის პარტიაში პრობლემას ვერ ხედავენ

ხედავს თუ არა "ოცნება" პრობლემას, როცა მათი განცხადება აგვისტოს ომათან დაკავშირებით მოსკოვმა საქართველოს წინააღმდეგ უკვე მეორედ გამოიყენა - ივანიშვილის პარტიაში ამტკიცებენ, რომ საკითხის ობიექტური გამოძიება მნიშვნელოვანია. "ოცნება" აგვისტოს ომის დაწყებაში ისევ წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ ამ საკითხის გამოძიება არაღიარების პოლიტიკას საფრთხეს არ შეუქმნის. 

რეალობაზე უნდა ვისაუბროთ, უნდა გაირკვეს დეტალურად ყველაფერი, რა იყო. საზოგადოებაში არსებობს კითხვები. მნიშვნელოვანია ის, რომ პოლიტიკურად გადაგვედგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც ქვეყანას არ დააზიანებდა, ქართველ ხალხს არ დააზიანებდა. ამაზე უნდა დასვათ შეკითხვები. ჩვენს პოლიტიკას რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა, გამოვდივართ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მე ქვეყანაში არ მეგულება ადამიანი, ვინც არის პატრიოტი, ვისაც უყვარს თავისი სამშობლო, მე აგენტურაზე და მოღალატეებზე არ ვსაუბრობ, ყველას მთავარი პრიორიტეტი და ამოცანა გახლავთ ტერიტორიული მთლიანობა, - ამბობს კალაძე.

"ოცნების" კიდევ ერთი წევრი არჩილ გორდულაძე კი ამტკიცებს, რომ ის ფაქტი, რომ რუსეთს ოკუპანტი დაერქვა, სწორედ მათი პარტიის დამსახურებაა. კალაძის მსგავსად, ისიც ირწმუნება, რომ ამ საკითხის გამოძიებით არაღიარების პოლიტიკას საფრთხე არ შეექმნება.  

საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ რომ არ ყოფილიყო, რუსეთს არ დაერქმევოდა ოკუპანტი სამართლებრივადაც. შესაბამისად, დანარჩენ სპეკულაციებს, ვურჩევ ყველას, რომ თავი დაანებოს. არაღიარების პოლიტიკას არ შეეხება არავითარი საფრთხე, - ამბობს გორდულაძე. 

გაეროში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის დაბლოკვის მიზნით, რუსმა დიპლომატმა, ოცნების პოლიტსაჭოს ის განცხადება წაიკითხა, რომელიც ივანიშვილის პარტიამ ჯერ კიდევ გასულ წელს გამოაქვეყნა და სადაც ომის დაწყება საქართველოს წინა ხელისუფლებას და დასავლეთს ერთდროულად დააბრალეს. 

მსგავსი სიახლეები