სახელმწიფო კომპანიებში საიდუმლოდ დასაქმებულებს "ოცნება" ფულს ერთგულებისთვის უხდის - ოპოზიცია

08.06.25 15:37
სახელმწიფო კომპანიებში საიდუმლოდ დასაქმებულებს "ოცნება" ფულს ერთგულებისთვის უხდის - ოპოზიცია

ნეპოტიზმი, ფიქტიური დასაქმება და პოლიტიკური გავლენების გამოყენება - ასე აფასებს ოპოზიცია შაბათის ეთერის მოპოვებულ და გასაჯაროებულ მტკიცებულებებს, საიდანაც გაირკვა, რომ მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირები მუშაობენ, მაგრამ ისინი სამსახურებში არ დადიან.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ "ოცნება" ცდილობს, მათი რიგებიდან უკმაყოფილო არავინ დარჩეს და ამიტომ ფიქტიური დასაქმების გზით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულად კომპენსაციებს უხდის. 

ისინი ფიქრობენ, რომ რამდენადაც არ გააჩნიათ არანაირი იდეოლოგია და არიან თავადაც რუსეთის დაქირავებული მსახურები, რომ ასე უნდა შევიდნენ ურთიერთობაში ხალხთან და თუ ვიღაცა მათი რიგებიდან დარჩა უკმაყოფილო, რომ დაკარგა შესაბამისი თანამდებობა, კომპენსაცია უნდა მოახდინონ მისთვის ფინანსური ანაზღაურებით და ასე საქართველოს ინტერესები, ჩვენი ევროპული მომავალი და ჩვენი სახელმწიფო ინეტერესები, რეალურად იყიდება „ქართული ოცნების“ მიერ გარკვეულ ანაზღაურების ფასად, - ამბობს სამადაშვილი.

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ბესიკ დონაძე ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მათთან დაახლოებულ პირებს ფულს, ფაქტობრივად, ერთგულებისთვის უხდის. 

სახელმწიფოს ხარჯზე ხდება მათი გამდიდრება.. ესენი არიან ორგანიზაციები, რომლებიც დოვლათს უნდა ქმნიდნენ საქართველოში, უნდა იყოს მომგებიანი კომპანიები და ფული შეჰქონდეთ ბიუჯეტში. ანუ ამიტომ შეიქმნა საწარმოო კომპანიები და არა პირიქით, რომ სახელმწიფო დოტაციაზე იყვნენ და ამდენი უსაქმური ადამიანი იყოს ამ სამსახურებში გაფორმებული. შეცდომაა, როდესაც ვიძახით, რომ ეს ადამიანები არიან დასაქმებულები. ესენი არ არიან დასაქმებულები. ესენი არიან გაფორმებულნი და ხელფასს იღებენ მხოლოდ იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ ერთგულები არიან, - ამბობს ბესიკ დონაძე. 

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ "ოცნება" თანამდებობიდან გაშვებულ ადამიანებს ამ გზით აჩუმებს. მისი თქმით, ივანიშვილის პარტია შემდეგ ამ პირებს არჩევნებისთვის იყენებს.  

იმ ადამიანებს, ვინც „ქართული ოცნების“ თანამდებობებზე იყვნენ და შემდეგ სხვადასხვა მიზეზით აღარ არიან თანამდებობებზე, ამ ადამიანებს აჩერებენ „ქართულ ოცნებაში“ სწორედ ამით, რომ ეს ადამიანები სხვაგან არ წავიდნენ და რამეზე საუბარი არ დაიწყონ, რომ მათი ნათესავები, მათი ოჯახის წევრები არიან დასაქმებული, უხდიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულს ან რაღაც კონკრეტულ ტენდერებს აძლევენ. საქართველოს მოქალაქეების გადახდილი ფულით „ქართული ოცნება“ თავის ე.წ. ზონდერებს, რომლებიც, ფაქტობრივად, ერთადერთი ფუნქციით არიან, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები უნდა იყვნენ, აფინანსებს და შემდეგ ამ ადამიანებს იყენებს საარჩევნოდ, - ამბობს ანა წითლიძე.   

მსგავსი სიახლეები