ვინ ემზადება არჩევნებისთვის - სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის კონსულტაციები მიმდინარეობს

09.06.25 17:45
ვინ ემზადება არჩევნებისთვის - სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის კონსულტაციები მიმდინარეობს

სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის კონსულტაციები მიმდინარეობს- საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი უკვე შეხვდა პარტია “ფედერალისტების“ წარმომადგენლებს, “ევროპული საქართველოს“ ლიდერებს და ახლა „სტრატეგია აღმაშენბელის“ წევრებს ხვდება.

შეხვედრის მთავარი თემა თვითმმართველობის არჩევნებია, რადგან, როგორც ჩანს, პარტიებში ჯერ კიდევ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.

პარტიების ნაწილი კვლავ მიიჩნევს, რომ იმ რეალობაში, სადაც არჩევნები გაყალბდა და არსობრივად არაფერი შეცვლილა, არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. 

საუბარი იმაზე არ არის, რომ პარტიებს არ უნდათ, ან ვინმეს თვითმიზანია ბოიკოტი, უბრალოდ, ვითარებაა იმგვარი, რომ თუ არ იცვლება არაფერი, პირობები იგივეა, არის ძალადობა, ადმინისტრირება ისეთი, როგორიც არის და ყველაფერი არის დე ფაქტო ხელისუფლების ხელში, მაშინ სად არის მცირედი მაინც გარანტია, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, ეს არის ყველაზე დიდი ბარიერი და ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ ასეთ პირობებში, იმის განხილვა, რომ მონაწილეობა მიიღო, როცა პრაქტიკულად იცი, რა ვითარებაში შედიხარ, ამას რა თქმა უნდა, აზრი არ აქვს და ამაზეა საუბარი და სწორედ ამიტომ არის, პარტიების გარკვეულ ნაწილში ასეთი შეხედულება, -ამბობს “ევროპული საქართველოს“ ლიდერი,  გიგი წერეთელი.

ოპოზიციის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სერიოზული მსჯელობაა საჭირო, 4 კოალიციური გაერთიანების ფორმატში.

ამასთან, კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ასევე საჭიროა, პოლიტპატიმრების დედებთან და აქციის მონაწილეებთან ნორმალური მსჯელობა და არგუმენტებია საჭირო.

ძალიან სერიოზული მსჯელობა გვჭირდება, გვჭირდება 4 კოალიციური გაერთიანების ფორმატში, ეს არის ის ფორმატი, რომელმაც მოიგო არჩევნები და ეს არის ის ფორმატი პრეზიდენტთან, რომელიც ითხოვს, ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გამოშვებას, ამიტომ, ეს მოთხოვნა არის ძალაში, რა იქნება უკეთესი-ბოიკოტი, თუ არჩევნებში მონაწილეობა. იცით, ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენ ყოველთვის ბრძოლის ხაზზე და ბრძოლაში შესვლის მომხრეები ვართ და მიგვაჩნია, რომ ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გამოშვება, გაძლიერდება, თუ ამ ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებშიც დავამარცხებთ, მითუმეტეს, მოგებულია 5 ქალაქი, მაგრამ ეს მსჯელობის საკითხია, სხვას სხვანაირი აზრი აქვს, ამიტომ დღეს, ხვალ და ამ დღეებში ვხვდებით პოლიტპატიმრების დედებს, აქტივისტებს, რომლებიც რუსთაველზე არიან და იმ ადამიანებს, რომლებსაც უნდათ, ნორმალური მსჯელობა და არგუმენტები, -განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე თქვა, რომ ემზადებიან ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის.

მსგავსი სიახლეები